"მედიკამენტების ნებაყოფლობითი რეგისტრაციის გაუქმება ხელს შეუწყობს დანახარჯის შემცირებას"
BM.GE
03.08.18 11:38
• 39964
დღემდე აქტუალურ საკითხად რჩება საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტის ნებაყოფლობითი რეგისტრაცია, რაც თავის მხრივ პოლიფარმაციის (ზედმეტად დანიშნული მედიკამენტების) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი ფაქტორია. საექსპერტო წრეებში საუბრობენ, რომ ქართული ბაზარი ნებაყოფლობითი რეჟიმით რეგისტრირებული მრავალი საკვები დანამატითა და ჰომეოპათიური პრეპარატებითაა გაჯერებული. მათ სიხშირეს ხშირად ვხდებით ექიმის დანიშნულებაშიც, არადა საერთაშორისოდ აღიარებულ არცერთ სამკურნალო პროტოკოლში არ არსებობს საკვები დანამატების დანიშვნის რეკომენდაცია. რატომ იწვევს მედიკამენტების მოხმარების გაზრდის სტატისტიკას და რას წარმოადგენს მედიკამენტების ნებაყოფლობითი რეგისტრაცია ამის შესახებ „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ აღმასრულებელ მდივანს არჩილ მორჩილაძეს ვესაუბრეთ:
რა არის ნებაყოფლობითი რეგისტრაცია და რატომ ზრდის ის წამლის მოხმარებას?
ეგრეთწოდებული ნებაყოფლობითი რეგისტრაცია არის ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს დანერგილი პრაქტიკა, როდესაც ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი რეგისტრირდება წამლად, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით და არც მისი მწარმოებლის მხრიდან არ მიიჩნევა წამლად .
ასეთი პროდუქტის იმპორტი ჩვენ ქვეყანაში რეგისტრაციის გარეშეც არის შესაძლებელი. ანუ მისი რეგისტრაცია არც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით არ არის სავალდებულო. თუმცა მარკეტინგული და ფინანსური მოსაზრებებითაც იმპორტიორი კომპანიები ამ გზას ხშირად ირჩევენ. ამიტომ ამ რეჟიმის გაუქმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ფარმაცევტულ პროდუქციაზე დანახარჯის შემცირებას.
კონკრეტულად რატომ იწვევს ეს მედიკამენტის მოხმარების გაზრდას?
საქმე ის არის რომ ჩვენ ქვეყანაში ნებაყოფლობითი რეჟიმით რეგისტრირებულია მრავალი საკვები დანამატი და ჰომეოპათიური პრეპარატებიც კი. ვერცერთ სამკურნალო პროტოკოლში თქვენ ვერ ნახავთ საკვები დანამატების დანიშვნის ჩვენებას. ფარმაცევტული კომპანიების სამედიცინო წარმომადგენლები ეფექტიანად იყენებენ მათი ფარმაცევტულ პროდუქტის რეგისტრაციიას, რათა უფრო კარგად "იმუშავონ" ექიმებთან და გაზარდონ მათ პროდუქციის გაყიდვები. ზოგი ამას შეიძლება ბიზნესის წახალისებად აღიქვამდეს , სინამდვილეში კი ეს მოქმედებდა და მოქმედებს მოსახლეობის ჯიბეზე.
ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ ეს პრეპარატები ზიანს აყენებენ პაციენტს, უბრალოდ მათ გამოყენებას, მტკიცებითი მედიცინის სტანდარტებით არანაირი პირდაპირი სამკურნალო ჩვენება არ აქვთ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის საკვებ დანამატებს უფრო დამაჯერებელი სახელი ბიოლოგიურად აქტიური დანამატებიც კი დაარქვეს. ასევე ყურადსაღებია რეგისტრირებული პროდუქციის გადასახადის განაკვეთიც, მას შემდეგ რაც ფარმაცევტული პროდუქტი რეგისტრირდება, ის უკვე თავისუფლდება დამატებითი ღირებულების, გადასახადისგან. რაც ასევე დამატებით თანხებს უთავისუფლებს კომპანიებს პრომოციისთვის. აღნიშნული ფისკალური ეფექტი ცალკე დათვლის საგანია.