მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მედიკამენტების შეძენაზე გაწეული ხარჯი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია"

5b768dc7ee927
თელარა გელანტია
17.08.18 12:54
665
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი სწორედ მედიკამენტების შეძენაზე გაწეული ხარჯია, რის გამოც მთავრობამ არაერთი ინიციატივა დაამუშავა.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და 13 აგვისტოდან მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაიაფებას გამოეხმაურა.

„არაერთხელ აღვნიშნე, რომ სიღარიბის დაძლევის პროგრამაში განსაკუთრებული როლი უკავია იმას, რომ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ ის ხარჯები, რაც უკავშირდება მედიკამენტების შესყიდვას. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ხარჯი გახლავთ სწორედ მედიკამენტების შეძენაზე გაწეული ხარჯი. აქედან გამომდინარე, ჩვენ არაერთი ინიციატივა დავამუშავეთ. ერთ-ერთი მათგანი 13 აგვისტოდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაიაფდა. ეს ფასდაკლება ვრცელდება მთელ მოსახლეობაზე. უკვე დღეს დიაბეტით დაავადებულ ჩვენს თანამოქალაქეებს სამკურნალო საშუალებების შეძენა მნიშვნელოვანად შემცირებულ ფასად შეუძლიათ. ამით ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოების ახალი ეტაპი დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოწყვლადი მოსახლეობისთვის სამედიცინო დანახარჯების შემცირების მიზნით ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მან მედიკამენტებით უზრუნველყოფის იმ პროგრამაზეც ისაუბრა, რომელიც მაისში ამოქმედდა და მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოსახლეობაზე ვრცელდებოდა და აღნიშნა, რომ შემოდგომიდან ამოქმედდება ამ პროგრამის მეორე ეტაპი, რომელიც საპენსიო ასაკის მოსახლეობასა და შშმ პირებს შეეხება.

„გასული წლის მაისში ამოქმედდა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ვრცელდებოდა. შემოდგომაზე ამოქმედდება პროგრამის მომდევნო ეტაპი, რაც ითვალისწინებს საპენსიო ასაკის მოსახლეობის და შშმ პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას. პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომობა შეეხება ფართოდ გავრცელებულ დაავადებებს. ამ შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა სამკურნალო მედიკამენტებით მომარაგებას, ხოლო შემდგომ პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება და ის მოიცავს სხვა ქრონიკულ დაავადებებს, რომლის მკურნალობაც ყველაზე დიდ ტვირთად აწევს მოსახლეობას,“ - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები