მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მედიკამენტი, რომელიც რეფერენტული ფასით უნდა ღირდეს მაქსიმუმ 200 ლარი, ჩვენთან იყიდება 44 ლარად - PSP ჯგუფი

წამალი მედიკამენტი აფთიაქი აბი

"PSP ჯგუფის" კომერციული დირექტორის, ვახტანგ ცერცვაძის თქმით, მედიკამენტი, რომელიც რეფერენტული ფასით უნდა ღირდეს მაქსიმუმ 200 ლარი, მათ ქსელში 44 ლარად იყიდება. მან ამის შესახებ ფასების საპარლამენტო კომისიაზე განაცხადა.

"TOP 5 მედიკამენტი, რომელიც მოიხმარება საქართველოში ყველაზე ფართოდ - ქსარელტო, ფორქსიგა მაგალითად, ქრონიკული დაავადების სამკურნალო საშუალებები, რომლებზეც განსაზღვრულია რეფერენტული ფასი, რომ უნდა ღირდეს მაქსიმუმ 200 ლარი, ჩვენთან ქსელში იყიდება 44 ლარად და ერთი თეთრით არ გაძვირებულა", - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, "PSP ჯგუფის" ჯანდაცვის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა აღნიშნა, რომ ამას კონკურენცია განაპირობებს.

"ეს მედიკამენტი იყიდება ოდითგანვე 44 ლარად, რადგან სხვადასხვა მომწოდებლებს უფრო იაფად შემოაქვთ და ერთმანეთს ეკონკურენტებიან. ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, რაც დანარჩენ სფეროს აკონტროლებს არის მძაფრი კონკურენცია", - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

დღეს პარლამენტში შექმნილი ფასების დროებით კომისიაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს.

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა. სხდომაზე კომისიის წევრებმა რძისა და რძის ნაწარმის, ასევე კვერცხისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს. 13 თებერვალს კომისიამ ადგილობრივი ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის წარმომადგენლებს მოუსმინა. 19 თებერვალს კომისიაზე კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს, 25 თებერვალს და 5 მარტს დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებს მოუსმინეს, 11 - 16 მარტს კი სხდომაზე სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი. ყველა რგოლი მიუთითებდა, რომ გაძვირებაში განსაკუთრებულ როლს რიტეილ სექტორი და მათ მიერ დაწესებული გადასახადები ახდენს. ქსელური მარკეტების წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ "ქეშბექს" ხშირ შემთხვევაში დისტრიბუტორები სთავაზობენ, კონკურენტების ბაზრიდან გაყვანის სანაცვლოდ, ქსელები კი ქეშბექებს ფასდაკლებისთვის იყენებენ.

30 აპრილს კომისიამ ფარმაცევტული პროდუქციის ადგილობრივ მწარმოებლებს მოუსმინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები