PSP ჯგუფის ჯანდაცვის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ მოსაზრება, თითქოს საქართველოში მედიკამენტებზე დეფიციტი განზრახ იქმნება, მათი გაძვირების მიზნით, რეალობას არ შეესაბამება. როგორც მან "ფასების საპარლამენტო კომისიაზე" განმარტა, დეფიციტს მომწოდებლების მხრიდან შეფერხება იწვევს.
"არანაირი შეგნებული დეფიციტი არ არსებობს ამ ქვეყანაში და არც იქნება. თუ დეფიციტები არის, მხოლოდ იმის გამო, რომ მედიკამენტის წარმოება არ არის ცემენტის ბლოკის ჩამოსხმა. მედიკამენტის წარმოებას სჭირდება შესაბამისი დაგეგმარება, აქტიური ნივთიერებების მოწოდება. მოწოდების ჯაჭვები არის მთელ მსოფლიოში გაბნეული, შვეიცარიაში რომ მედიკამენტს აკეთებენ, ჩინეთიდან ჩამოაქვთ მასალა. ერთი შეფერხება ამ მასალის ჩამოტანის პროცესში, ან დაგეგმარების პროცესში, ან თუნდაც გაყიდვების დაგეგმარების პროცესში, იწვევს წარმოების გაჩერებას და მოწოდების შეფერხებას.
თუ ეს შეფერხება მოხდა მომწოდებლის დონეზე, რატომ უნდა თქვათ, რომ ეს არის შეგნებული? არანაირად არ არის შეგნებული, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი ამ ბიზნესში. რაც უფრო ყოჩაღი ხარ და კარგი ლოგისტიკოსი გყავს კომპანიაში, მით უკეთ გეგმავ. ეს ყოჩაღი ლოგისტიკოსები საქართველოში გვჭირდება, შვეიცარიაშიც და ყველგან. ვერ დაგეგმავ? გექნება პრობლემა მასალის მიწოდებასთან? გექნება შეფერხება. ეს ხდება, რაც ნაკლებად მოხდება უკეთესია და რაც უკეთ დავგეგმავთ, ნაკლები იქნება", - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.




























