მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მედიცინაში პრობლემები ვიწრო სპეციალობებშია... აუცილებელია სარეზიდენტო პროგრამების დაფინანსება - თსსუ-ს რექტორი

ირაკლი ნატროშვილი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ) რექტორი აცხადებს, რომ სამედიცინო სფეროში ექიმების რაოდენობის კუთხით დეფიციტი არ არის, თუმცა პრობლემები ვიწრო სპეციალობებშია. მთავრობის ადმინისტრაციაში „შრომის ბაზრის კვლევის“ შედეგების გაცნობით შემდეგ ირაკლი ნატროშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია სარეზიდენტო პროგრამების დახვეწა და დაფინანსება, რაზედაც მუშაობა გაგრძელდება.

„რაც შეეხება უშუალოდ სამედიცინო პროფესიებს, სამედიცინო პროფესიებში ზოგადად, ექიმების რაოდენობაში დღეს დეფიციტი ნამდვილად არ არის. მაგრამ აქ პრობლემა იმაშია, რომ ვიწრო სპეციალობებში გვაქვს დეფიციტი. ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია სარეზიდენტო პროგრამების ამუშავება, სარეზიდენტო პროგრამების დახვეწაზე, დაფინანსებაზეა საუბარი და ამაზე მუშაობა გაგრძელდება“, - აღნიშნა ირაკლი ნატროშვილმა და დაადასტურა, რომ ექთნებთან მიმართებით დარგში დეფიციტი არსებობს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ამბობს, რომ „შრომის ბაზრის კვლევის“ შედეგები ახალგაზრდებისთვის პროფესიის არჩევისას გზამკვლევად უნდა იქცეს.

„ბაზრის კვლევა იმისთვის ჩატარდა, რომ სახელმწიფომ განსაზღვროს, რომელ პროფესიებშია დეფიციტი და რომელში პროფიციტი. შესაბამისად, ამ ბაზრის კვლევაზე დაყრდნობით, შესაძლებელია, რომ ახალგაზრდებს ვურჩიოთ, რომ ამ პროფესიაში სჭირდება უფრო მეტი სპეციალისტი, განათლებული, უმაღლესი განათლების მქონე, ამ სპეციალობაში მოთხოვნა ნაკლებია. გარკვეულწილად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რომ პროფესიის არჩევისას მათთვის გზამკვლევად იქცეს“, - თქვა თსსუ-ს რექტორმა.

"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე შრომის ბაზრის კვლევის შედეგები წარადგინა. მისი განცხადებით, ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტის აღმოსაფხვრელად ჯამში 64 095 სპეციალისტია საჭირო.

კვლევის მიხედვით, კადრების საჭიროება სექტორების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • კერძო სექტორი: 42 316 კურსდამთავრებული;
  • საჯარო სექტორი: 21 779 სპეციალისტი.

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია:

სექტორი სპეციალობა
განათლება საშუალო სკოლისა და პროფესიული განათლების მასწავლებლები
ბიზნესი გაყიდვების, მარკეტინგის, მომარაგებისა და დისტრიბუციის მენეჯერები
ჯანდაცვა ექიმები და ექთნები
ტექნოლოგიები პროგრამისტები
მშენებლობა მშენებლობის მენეჯერები, ზედამხედველები და ელექტრიკოსები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები