მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მედკაპიტალი" ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს

5cb732bcc11fe
სალომე მეცხვარიშვილი
18.04.19 09:00
1899
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ სამედიცინო კლინიკები 56 მილიონი ლარით დააჯარიმა; საუბარია, 197 სამედიცინო დაწესებულებაზე საქართველოს მასშტაბით. დარღვევები კი, უწყებამ 2016-2018 წლების პერიოდზე აღმოაჩინა. დაჯარიმებულთა შორის შორის მოხვდნენ ყველაზე მსხვილი ქსელური სამედიცინო დაწესებულებები: „მედალფა“, „მედკაპიტალი“, „ჯეოჰოსპიტალსი“, "ევექსი" და ა.შ.

დაჯარიმებულთა უმეტესობა ამ თემაზე ხმამაღლა არ საუბრობს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს ნაბიჯებს არ ეთანხმება. კლინიკების ნაწილი არასწორად მიიჩნევს სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ თანხები უკან უნდა დაბრუნდეს და სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

ერთ-ერთ ასეთია პოლიკლინიკების ქსელი „მედკაპიტალი“, რომელიც 19 მილიონით დაჯარიმდა, სანქციების ჩამოწერის შემდეგ კი, მათი დავალიანება 6,5 მილიონს შეადგენს. კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ ეს თანხები გახარჯულია და მოხმარდა თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემას, პაციენტების მომსახურებას და ა.შ.

“გარკვეული დავა ჯერ კიდევ გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ამის შემდეგ ეს ყველაფერი გადაინაცვლებს სასამართლოში, რადგან როგორც ვატყობთ, რაციონალური გზის გამოძებნა სამინისტროსთან ვეღარ ხერხდება”, - აცხადებს ზაზა ჯაფარიძე.

კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ სამინისტრო მათ დეტალებზე ედავება და აჯარიმებს მაგალითად ისეთ შემთხვევებშიც, როცა პირადობის მოწმობაში რიცხვია გადასწორებული. ამას არ უარყოფენ არც ჯანდაცვის სამინისტროში და აცხადებენ, რომ ეს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციაა, სადაც სიზუსტე მნიშვნელოვანია.

“ისეა გაწერილი სანქციები, რომ შემმოწმებელი რამდენჯერაც მოვა, იმდენჯერ დაგაჯარიმებს. იმდენად კაბალურად არის გაწერილი. მძიმეზე და წერტილზე გედავებიან, არ ვუტრირებ, პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ. პირადობის მოწმობის შეყვანისას ერთი ციფრი რომ შეეშალოს თანამშრომელს და კორექტორით გადახაზოს, ამაზეც სანქციას წერენ”, - აცხადებს კლინიკების ქსელის დირექტორი.

მისივე თქმით, სამინისტრო რიგ შემთხვევებში გაყალბებულ დოკუმენტაციაზეც საუბრობს.

“ამბობენ, რომ ყალბდებოდა დოკუმენტაცია, მაგრამ თუ ვინმესთან ყალბდებოდა მე არ ვიცი. ჩემთან ნამდვილად არ ყალბდებოდა. იყო პრეცედენტები, სახელებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ვინც აყალბებდა და დანაშაულს ჩადიოდა... ეს უკვე კრიმინალთან გვაქვს საქმე და მათ სხვა ფორმით უნდა ვებრძოლოთ”, - აცხადებს ზაზა ჯაფარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები