"იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქცია კონკურენტუნარიანი იყოს, ის ევროსტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს", - ამის შესახებ Bm.ge-ს შპს "თაფლიკაცის" დირექტორმა შოთა კალანდარიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ამისთვის წარმოებაში ევროსტანდარტების დანერგვაა აუცილებელი, რაც საკმაოდ დიდ ფინანსებს საჭიროებს.
"ჩვენი საწარმო რომ ევროსტანდარტს აკმაყოფილობდეს, საჭიროა ISO სერთიფიკატის აღება, რისი ფინანსური ძალაც არ გვაქვს. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ამ მიმართულებით დაგვეხმარება, რადგან ამ სტანდარტების დანერგვა საკმაოდ გრძელვადიანი და ძვირი პროცესია.
ჩვენ უკვე მეოთხე წელია თაფლს ვაწარმოებთ, სკების წარმოება გავაჩერეთ, რადგან ფინანსური რესურსი არ გვეყო, რადგან ამ შემთხვევაში ინვესტიციის წინასწარ ჩადება იყო საჭირო, რაც მეფუტკრეობის დარგისთვის ძალიან მძიმე ტვირთია. ასევე კარგი იქნება, თუ სახელმწიფო თანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებით აღჭურვაშიც დაგვეხმარება", - განაცხადა მან.
შპს "თაფლიკაცი" ახმეტის რაიონში, ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და წელიწადში 6 ტონა თაფლს აწარმოებს.