მეფუტკრეებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები შეხვდნენ. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება, ქალაქ ზუგდიდის სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ცენტრ „აგროსახლში” გამართულ შეხვედრაზე მეფუტკრეობაში არსებულ გამოწვევებზე და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ანა გულბანმა და სურსათის კვლევის დეპარტამენტის უფროსმა მარინა ღვინჯილიამ ფერმერებს ინფორმაცია მიაწოდეს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესაძლებლობებისა და კვლევის მეთოდებზე. შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა დაავადებით გამოწვეული ზარალის თავიდან აცილების გზებზე იმსჯელეს.
„სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ფერმერებისთვის ლაბორატორიაში არსებული კვლევების გაცნობა. ჩვენი ლაბორატორიის გამართული ქსელი უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობაში ჩართული პირებისათვის საჭირო საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების დროულად მიწოდებას”, - განაცხადა ანა გულბანმა.
ზუგდიდში გამართულ შეხვედრას, მეფუტკრე ფერმერებთან ერთად, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ასოციაციის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, მეფუტკრეები და თაფლის ინდუსტრია ახალი გამოწვევის წინაშე დგას. საქართველოში ფუტკრის ახალი დაავადება, ტროპილელაფსოზი გავრცელდა. მეფუტკრეები აცხადებენ, რომ შესაძლოა, დაავადებამ ფუტკრის ოჯახების 50% გაანადგუროს. დარგის წარმომადგენლების ვარაუდით დაავადება საქართველოს ტერიტორიაზე, დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან, აფხაზეთიდან რუსეთის გავლით შემოვიდა და ის ამ დროისთვის მართვას არ ექვემდებარება. გავრცელების არეალი ამ დროისთვის მხოლოდ დასავლეთ საქართველო - გურია, იმერეთი და სამეგრელოა.