მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მეგატექნიკა" ბოლო 6 თვის მანძილზე უკვე მეოთხედ გაძარცვეს

5b2cd16f9dfd5
BM.GE
22.06.18 14:33
1943
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „მეგატექნიკა“ არსებობის 22 წლის მანძილზე პირველად 2018 წელს და ბოლო 6 თვის მანძილზე უკვე მეოთხედ გაძარცვეს. გახშირებულ ძარცვებთან დაკავშირებით კომპანია განცხადებასაც ავრცელებს:

„კომპანია შეშფოთებულია კრიმინალის დონის ესოდენ მატებით, და განსაკუთრებით იმით, რომ ძარცვის ოთხივე შემთხვევა დღემდე გაუხსნელია. ძარცვის პირველი შემთხვევა 2018 წლის 11 იანვარს დაფიქსირდა, სამმა არასრულწლოვანმა გაიტაცა 5000 ლარი და 3 ცალი მობილური ტელეფონი. 2018 წლის 13 თებერვალს კი უკვე 7 არასრულწლოვანი დაფიქსირდა ვიდეო ჩანაწერზე, ორგანიზებულმა ჯგუფმა „მეგატექნიკის“ მაღაზიიდან 26 მობილური და 1 პლანშეტი გაიტაცა. 2018 წლის 24 თებერვალს უკვე „მეგატექნიკის“ რუსთავის ფილიალი გაძარცვეს და 5 მობილური გაიტაცეს.

ძარცვის მეოთხე შემთხვევა დღეს მოხდა. 22 ივნისს დილის 7 საათზე მეგატექნიკის სათავო ფილიალის კარი აგურით ჩაამტვრიეს და გაიტაცეს 20 მობილური, კარის ჩამტვრევისგან ასევე დაზიანებულია 8 ლეპტოპი. „მეგატექნიკა“ შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ძარცვა წერეთლის 140-ში, მეტრო დიდუბის მოპირდაპირე მხარეს, გაჩერებასთან, ძალიან ხალხმრავალ ადგილას მოხდა, დღისით, დილის 7 საათზე და არავინ დარეკა პატრულის გამოსაძახებლად. მოქალაქეების ასეთი გულგრილობა წარმოუდგენელია, და შესაშფოთებელია საზოგადოების შემგუებლობა კრიმინალთან. ასევე შემაშფოთებელია პოლიციის განწყობა, რომელიც სერიოზულ დანაშაულად არ მიიჩნევს ბიზნესის შევიწროვების შემთხვევებს და „მეგატექნიკის“ შემთხვევაში არც ერთი შემთხვევა ამ 4 ძარცვისგან გახსნილი არაა.

„მეგატექნიკა“ უკვე 22 წელია საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე მოღვაწეობს და ასეთ შემთხვევას 90-იანი წლებიდანაც კი ვერ იხსენებს. კომპანიისთვის ძალიან სამწუხაროა რომ ბიზნესი თავს აღარ გრძნობს დაცულად. „მეგატექნიკას“ ყველა ცივილური ზომა გვაქვს მიღებული უსაფრთხოებისთვის, „მეგატექნიკის“ ყველა ფილიალს იცავს დაცვის პოლიცია და მაღაზიები აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით. კომპანია ელოდება სახელმწიფო უწყებების რეაგირებას, ძარცვების ფაქტის გამოძიებასა და ჯანსაღი გარემოს დაბრუნებას საზოგადოებასა და ბიზნესში. მიუხედავად იმისა რომ ყველა ძარცვა და ყველა მძარცველი კამერაზეა აღბეჭდილი და სახეების გარჩევა შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში პოლიციისთვის შესაძლებელი უნდა იყოს, არც ერთი შემთხვევის ბოლომდე გახსნა არ მომხდარა. „მეგატექნიკა“ ვერ გრძნობს რომ პოლიცია და ხელისუფლება მოწადინებულია დაიცვას სამოქალაქო წესრიგი, ბიზნესი და საზოგადოების ჯანსაღი დამოკიდებულება“, - განმარტავენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები