მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეღვინეობა „კარდანახი 1888“ 2024 წლიდან საექსპორტო ბაზრებს აფართოებს

კარდანახი

გურჯაანის რაიონში, სოფელ კარდანახში მდებარე მეღვინეობა „კარდანახი 1888“ , 2024 წლიდან საექსპორტო ბაზრებს აფართოებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, მალხაზ მახოშვილმა BMG-სთან განაცხადა, ამჟამად ექსპორტს იტალიაში ახორციელებენ, ხოლო მოლაპარაკებები ბელგიასთან, ამერიკასთან და ჩინეთთან მიმდინარეობს.

მისივე ცნობით, ამერიკის ბაზარზე პროდუქცია ჰორეკას ტიპის დაწესებულებებში რეალიზდება. ბელგიაში სადისტრიბუციო კომპანიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და მახოშვილის ვარაუდით, ქსელურ მარკეტებში მოხდება პროდუქციის გაყიდვა, ხოლო ჩინეთში მისი სპეციფიკიდან გამომდინარე ამ ეტაპზე უცნობია, თუ სად მოხდება ღვინის რეალიზაცია.

„სტანდარტების თვალსაზრისით ძალიან ბევრი სიახლე შემოდის ქვეყანაში, რაც ღვინის ხარისხს მაღლა აწევს, წარმოების კუთხით. კანდიდატის სტატუსი კი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საექსპორტო ბაზრების მხრიდან დაინტერესებაზე, ამასთან მათთვის ქვეყანა მეტად სანდო და საინტერესო გახდება, რაც ბაზარზე კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ამ ეტაპზე ქვეყანაში "კარდანახი 1888“-ის პროდუქცია ღვინის მაღაზიებში, ღვინის კლუბებსა და ჰორეკა სექტორში იყიდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ წელს გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი,“- აცხადებს მახოშვილი.

მეღვინეობა „კარდანახი 1888“-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კომპანიამ ღვინის კონკურსში, IWCS-ში მონაწილეობა სამი სახეობის ღვინით მიიღო, სადაც ოქროს მედალი „წარაფმა“, ვერცხლის მედალი ღვინომ „სამი“, ხოლო ბრინჯაოს მედალი „ხიხვმა“ მიიღო.

ინფორმაციისთვის, მეღვინეობა „კარდანახი 1888“ გურჯაანში, სოფელ კარდანახში 2017 წლიდან მდებარეობს და სასტუმრო „ამპელოს“ კომპლექტის შემადგენელი ნაწილია. მეღვინეობაში 20-მდე სახეობის ღვინო იწარმოება, მათ შორის 3 ადგილწარმოშობის ღვინო(წარაფი, ახოები და კარდანახი). ხოლო, ღვინის რეალიზაციას კომპანია თბილისსა და აჯარაში ახდენს. წლის განმავლობაში კი დაახლოებით 500 000 ბოთლი ღვინის ჩამოსხმას ახდენენ.

კომპანიამ მეღვინეობის მიმართულებით ჯამში 500 000$-ის ინვესტიცია განახორციელა, რომელიც სახელმწიფო გრანტებით მოიპოვა, მათ შორის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გრანტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები