მეღვინეობა „რერო“ ტურისტული მიმართულების განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან მეღვინეობის თანადამფუძნებელმა, ირაკლი სირაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მარნის აშენების იდეა ჯერ კიდევ 2020 წელს გაჩნდა, ხოლო 2021 წელს იდეა რეალობად იქცა და ქვის მარანი ააშენეს. პირველ ეტაპზე, მარნის ასაშენებლად და საჭირო ჭურჭლის (ჭური) შესაძენად 60 000 ლარამდე ინვესტიცია საბანკო სესხის საშუალებით განახორციელეს.
ამ ეტაპზე, მეღვინეობაში წელიწადში 10 ტონამდე ყურძენი გადამუშავდება, რაც 5000 ბოთლი ღვინის ჩამოსხმას გულისხმობს.
მეღვინეობა "რერო" მშრალ ღვინოებს, კერძოდ ციცქას, ცოლიკაურს, კრახუნას, ოცხანური საფერესა და ციცქა-ცოლიკაურის სეპაჟს აწარმოებს. ამასთან, 4 სახის ცქრიალა ღვინოს როგორიცაა ციცქა, ცოლიკაური, კრახუნა და ოცხანური. ნედლეულის ძირითად ნაწილს საკუთარი მეურნეობიდან იღებს, ხოლო ნაწილს ადგილობრივი ფერმერული მეურნეობებიდან ყიდულობს.
„ჩვენი პროდუქტი პირველად შარშან, ცქრიალა ღვინის ფესტივალზე გამოჩნდა და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, რასაც ადგილზე გაყიდვებიც მოწმობდა. ამჟამად, პროდუქცია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არსებულ ღვინის მაღაზიებშია სარეალიზაციოდ წარმოდგენილი.
ნახევარი ჰა ვენახი გვაქვს გაშენებული, ხოლო მეორე ნახევარზე ვენახების გაშენების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. გეგმა გვაქვს, რომ უახლოეს 5 წელიწადში 1 ჰა ვენახი სრულად უნდა ავითვისოთ. ღვინოები ჭურში ყენდება და შემდეგ უკვე ბოთლებში ისხმება. ამასთან, ღვინოებს უკვე კასრშიც ვავარგებთ.
წელს, ტურისტული მიმართულებით გააქტიურებას ვგეგმავთ. გვინდა ეზოს მოწყობა და არსებული სახლის რესტავრაცია, რაშიც დაახლოებით 100000 ლარის ინვესტიციაა საჭირო. გვინდა, რომ ჩვენი მარანი ტურისტული ცენტრი გახდეს. წინა წელს, ტურისტები მცირე რაოდენობით უკვე გვყავდა, წელს კი ამ კუთხით უფრო გააქტიურებას ვგეგმავთ,“-განაცხადა მეღვინემ.
ინფორმაციისთვის, მეღვინეობა „რერო“ საოჯახო ბიზნესია, რომელიც ზესტაფონში, სოფელი ფუთში მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ მეღვინეობის მიერ წარმოებულმა ღვინომ, ოცხანური საფერე, გასულ წელს საუკეთესო წითელი ღვინის ჯილდო მოიპოვა.