მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეგობართა კლუბის“ დაფინანსებით, წალენჯიხაში ₾1.5 მილიონის პროექტები ხორციელდება - მერი

628cc9f4164d6
თელარა გელანტია
24.05.22 20:50
2306
წალენჯიხის მერის გიორგი ხარჩილავას ინფორმაციით, „მეგობართა კლუბის“ დაფინანსებით, წალენჯიხაში ₾1.5 მილიონის პროექტები ხორციელდება.

როგორც bm.ge-სთან გიორგი ხარჩილავამ თქვა, მართალია, წალენჯიხას დიდი ბიუჯეტი არ აქვს, მაგრამ „მეგობართა კლუბის“ დახმარებით, რომელშიც პარტნიორი ბიზნესმენები შედიან, ქალაქში სხვადასხვა პროექტი ხორციელდება.

„წალენჯიხა მცირე ბიუჯეტიანია, ამიტომ „მეგობართა კლუბი“ ჩვენთვის ძალიან დიდს და ბევრს ნიშნავს. მოგეხსენებათ, მამუკა ხაზარაძის დაფინანსებით, წალენჯიხაში გაიხსნა ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT-სკოლა, სადაც შერჩეული ახალგაზრდები უფასოდ გაივლიან კურსებს. სკოლა აკადემიაში სწავლის სურვილი 300-მდე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა და მათგან 90-მდე შეირჩა.

ასევე, “ფორმულა“ ჯგუფის დაფინანსებით, მიმდინარეობს ქალაქ ჯვარის ცენტრალური სტადიონის თანამედროვე საფარით მოწყობა - პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 830 000 დოლარია.

გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წალენჯიხის ჭადრაკის სახლს, ასევე გამოიცემა ტერენტი გრანელის ნახატები; სწორედ „მეგობართა კლუბის მხარდაჭერით“ ხერხდება სტუდენტთა გარკვეული ჯგუფის დაფინანსება და ა.შ. წალენჯიხელებს ძალიან კარგად ახსოვთ ასევე ახალი წლის ჯადოსნური დეკორაციები და ნაძვის ხე „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მფლობელისგან, თემურ ჭყონიასგან.

მთლიანობაში „მეგობართა კლუბის“ დაფინანსებით, წალენჯიხაში ₾1.5 მილიონის პროექტები ხორციელდება. ამდენად, „მეგობართა კლუბი“ საბიუჯეტო დახმარების გარეშე აცოცხლებს ხელოვნებას, კულტურას, განათლებას და სპორტს წალენჯიხაში. კიდევ ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს“, - ამბობს გიორგი ხარჩილავა.

ინფორმაციისთვის: წალენჯიხის 2022 წლის ბიუჯეტი 11 მლნ ლარია, საიდანაც 10.8 მლნ ლარამდე ქალაქის საკუთარი შემოსავლებია, დანარჩენი კი, სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები