მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეგობრობის აქტი“ არის ქართველი ერის მხარდასაჭერად, საქართველოს სთავაზობს ტრანსატლანტიკური გზის აღდგენას - კონგრესმენი

ჯო უილსონი
11.07.24 00:40
337

ორპარტიული „მეგობრობის აქტი“ არის ქართველი ერის მხარდასაჭერად, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ მათ სურთ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. შესაბამის თარგმანს "საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა დემოკრატიის დასაცავად გმირულად იმოქმედა.

„მე შევთავაზე შესწორებები მეგობარი სენატორების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის შემოთავაზებულ კანონმდებლობაში. მადლობელი ვარ მათი ექსპერტიზისა და ლიდერობისთვის ქართველი ერის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერაში. ვაფასებ ჩვენს ერთად მუშაობის შესაძლებლობას, ორპარტიულ და ორპალატიან გზას ამ კრიტიკული მომენტის გადასალახად. რესპუბლიკელები და დემოკრატები, პალატის წევრები და სენატორები ერთად დგანან ქართველი ერისთვის. ქართველმა ხალხმა დიდი საფრთხის დროს საკუთარი დემოკრატიის დასაცავად გმირულად იმოქმედა. ჩემთვის პატივია, ვიმუშაო ჩემ კოლეგებთან ერთად, რათა დავეხმაროთ ქართველ ერს ნათელი მომავლის დაცვაში.

ორპარტიული „მეგობრობის აქტი“ არის ქართველი ერის მხარდასაჭერად. ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ მათ სურთ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება. ომის დანაშაულების ჩამდენმა პუტინმა არაკანონიერად მოახდინა 2008 წლიდან საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაცია. ესენია – სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ეს ჩაიდინა ომის დანაშაულების ჩამდენმა პუტინმა. ეს არ იყო შთაგონებული რომელიმე სხვა ალიანსით. მე ვესტუმრე საქართველოში, ქალაქ გორს. პირადად ვნახე პუტინის უკანონო ძალები. ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დედაქალაქ თბილისში სტუმრობამ. რა არაჩვეულებრივი ხალხია იქ. ოთხი ვაჟი მყავს, რომლებიც საზღვარგარეთ მსახურობდნენ ქართველ ჯარისკაცებთან ერთად და ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ისინი ძალიან მამაცები იყვნენ“, – აღნიშნა უილსონმა.

როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, „მეგობრობის აქტი“ შემოთავაზებულია მეგობრობის სულისკვეთებით და საქართველოს სთავაზობს ტრანსატლანტიკური გზის აღდგენას. მისივე თქმით, ის ასევე ითვალისწინებს სანქციებსაც.

„„ქართულმა ოცნებამ“ შემოიღო რუსული სტილის, ორმაგი კანონი, რომელიც თვითნებური დაპატიმრებისა და სიტყვის თავისუფლების კრიმინალიზაციის საშუალებას იძლევა. სამწუხაროდ, პუტინის „უცხოური აგენტის“ კანონმდებლობა, პირველ რიგში, ინიცირებული იყო რუსი ხალხის დაჩაგვრის მიზნით. ომის დანაშაულების ჩამდენი პუტინი ხელს უწყობს ამ ღალატს, რადგან ის ისწრაფვის წარუმატებელი საბჭოთა იმპერიის აღდგენისკენ, რომ სარგებელი მიიღონ ოლიგარქებმა. პუტინი ცდილობს, აღადგინოს წარუმატებელი საბჭოთა იმპერია და ამერიკელი ხალხი, უმეტესობა ამას აღიარებს. ჩვენ ამას ვხედავთ, შეიჭრა საქართველოში, შემდეგ კი უკრაინაში და ემუქრებოდა სომხეთს, ესტონეთს და ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას.

„მეგობრობის აქტი“ შემოთავაზებულია მეგობრობის სულისკვეთებით, რომელსაც შეერთებული შტატები დიდი ხანია, ინარჩუნებს ქართველი ერის მიმართ. ის ითვალისწინებს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს ძირს უთხრის, ამავდროულად, ხაზს უსვამს პოზიტიურ ხედვას აშშ-საქართველოს ურთიერთობების მხრივ და საქართველოს სთავაზობს ტრანსატლანტიკური გზის აღდგენას. კანონპროექტი ასევე შეიცავს დებულებებს, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველოს მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი“, – განაცხადა უილსონმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები