მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეღვინეები: ადგილობრივ ბაზარზე ღვინის რეალიზაცია 80%-მდე შემცირდა

5e9f1ea6b8b3c
თათია ჩაფიჩაძე
21.04.20 21:30
2185
ქართველი მეღვინეების ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები 70-80%-მდე შემცირდა.
რაც შეეხება ექსპორტს, "შუხმან ვაინის" გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა “საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ შენელებული ტემპის მიუხედავად, ექსპორტი დიდ ბაზრებზე მაინც ნარჩუნდება, ასევე ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული ქვეყნები.

„ექსტრემალურ პირობებში გვიწევს მუშაობა, თუმცა მკვეთრი შემცირება ადგილობრივი ბაზრის გარდა, სხვაგან არ გვაქვს. ექსპორტის 80% შესრულებული გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ ზრდა შენარჩუნდება. ახალ ბაზრებზე საუბარი არის, ძველი ბაზრების შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი და ამ მხრივ გამოჯანმრთელებულ ბაზრებზე აქტიურობა უკვე შეინიშნება. ასევე მნიშვნელოვანია იაპონიის ბაზარი.

უნდა მოვიკრიბოთ ძალები და მომდევნო თვეების განმავლობაში შევძლოთ კრიზისთან გამკლავება, ეს რთული იქნება, მაგრამ უნდა შევეცადოთ არ ავსახოთ, როგორც კომპანიებზე, ასევე ეკონომიკაზე. რაც შეეხება ფასებს, არ ვფიქრობ, რომ ფასებმა უნდა იკლოს. თუ მნიშვნელოვნად დაიკლებს მოთხოვნა, შესაძლებელია რომელიმე კომპანიამ ფასი დაწიოს და ამას ექნება ჯაჭვური რეაქცია, ამიტომ ჩემი თხოვნაა, რომ ფასები შევინარჩუნოთ. ეს მოკლევადიანი პროცესია, შემდგომი წლები წინ არის, რიგი ღონისძიებები გადაიდო, მაგრამ გაგრძელდება და შემდეგ ფასის აწევა იმ ღირებულებების შესაბამისად, რაც ქართულ ღვინოს აქვს, გაგვირთულდება.“ - განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.

რეალიზაცია მნიშვნელოვნად შეუმცირდა „ბადაგონსაც.“ როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ BMG-ისთან საუბრისას განაცხადა, მათი პროდუქცია წლის პირველ კვარტალში საერთოდ არ გასულა ჩინეთში, ასევე მარკეტინგული აქტივობების მიუხედავად, გაჩერებულია ამერიკის ბაზარი და კლებაა რუსეთშიც.

რაც შეეხება ადგილობრივ გაყიდვებს, რომლის წილი 18%-ია, სალაყაია აცხადებს, რომ კლება თითქმის 80%-ს შეადგენს.

მიუხედავად ამისა, „ბადაგონი“ ამ ეტაპზე ფასის კლებას არ აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები