მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მეღვინეობა ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული დარგია"

5b59aae43dd99
BM.GE
26.07.18 15:04
470
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, 2018 წლის რთველი ჩატარდება სრულად საბაზრო პირობებში და ეს იქნება ბოლო 10 წლის მანძილზე პირველი რთველი, როდესაც სახელწიფო სრულად გამოდის ყურძნის სუბსიდირების რეჟიმიდან.
“მთავრობა ასრულებს დანაპირებს და უარს ამბობს სუბსიდიის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის დანახარჯებზე მეღვინეობის დარგში, რომელიც ბოლო წლებში განხორციელებული სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში გახდა ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული დარგი. ამაზე მიუთითებს გაზრდილი ექსპორტი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების მზარდი სტატისტიკა, ასევე ქართული ღვინის წარმატებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებსა და კონკურსებში”-განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

კერძოდ, 2017 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 76,7 მლნ ბოთლის, რაც ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია. მიმდინარე წლის 6 თვეში ექსპორტის ზრდის ტენდეცია შენარჩუნებულია - მსოფლიოს 48 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი ღვინო , რაც 21%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

სამინისტროს ცნობით, გასული წლების მსგავსად, რთველის-2018-ის პროცესში შეიქმნება რთველის საკოორდინაციო შტაბი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა სამინისტროების, ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) წარმომადგენლების შემადგენლობით.

რთველის მიმდინარეობის დროს 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს რთველის საკოორდინაციო შტაბი და ცხელი ხაზი (1501). ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები იქნებიან ამპელოგრაფები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები