ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს უფროსმა მარიამ მეღვინეთუხუცესმა "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრულ გამოძიებასთან დაკავშირებით, BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი საქართველოს ბიზნესგარემოზე ნეგატიურად აისახება.
"ნებისმიერი დიდი პრობლემა ცუდად აისახება საინვესტიციო გარემოზე. ამას არ უნდა მკითხაობა. არ შეიძლება რომ ეს არ აისახებოდეს საინვესტიციო გარემოზე. ასეთი სკანდალური თემები რომ ბიზნესგარემოზე დადებითად არ აისახება, ეს ორჯერ ორი ოთხია", - განაცხადა მეღვინეთუხუცესმა.
მარიამ მეღვინეთუხუცესის თქმით, საბჭო ერთ კვირაში შეიკრიბება.
"სხდომის შემდეგ, მთელს ჩვენ დღის წესრიგს და განხილულ საკითხებს დავდებთ და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება", - ამბობს მეღვინეთუხუცესი.
ინვესტორთა საბჭო ბოლოს 2018 წლის 1 ოქტომბერს შეიკრიბა. სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლებმა სასამართლო რეფორმის, სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ ორგანული კანონისა და გადახდისუუნარობის კანონმდებლობაზე ისაუბრეს.

























