მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეჯლისები და საახალწლო განათებები არ გვჭირდება.. სახელმწიფომ სხვა მიმართულებით უნდა იფიქროს" - კლუბი „მტკვარზე“

63bd4038d0b08
თინათინ ნატმელაძე
10.01.23 13:50
661
კლუბის „მტკვარზე“ დამფუძნებელი ქეთა გაბუნია BM.GE-თან საუბრისას აცხადებს, რომ 2022 წელი ფინანსურად საკლუბო სექტორისთვის საკმაოდ რთული იყო. მან ის გამოწვევები დაასახელა, რომელთა დაძლევაც სექტორს გასული წლის განმავლობაში მოუწია.

„2022 წელი ძალიან მძიმედ დაიწყო, თავიდან მოგვეცა უფლება, რომ საახალწლო ივენთები ჩაგვეტარებინა, მერე ისევ დაგვხურეს. შეზღუდვების მოხსნის შემდეგ შეცვლილი დაგვხვდა ყველაფერი - დისტრიბუციის ბაზარი, მიწოდების პრინციპები, უცხოელი დიჯეების ტრანსფერი, გაძვირებული ბილეთები, ბანკის საპროცენტო განაკვეთის ზრდა, ბიუჯეტში გადასახადი, რომელსაც როგორც ბიზნესი, ვიხდით და ამას დაემატა ყველაზე მნიშვნელოვანი - უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელმაც ჩვენზეც ძალიან იმოქმედა და ეკონომიკური კოლაფსის ფონზე ყველა სახის პროდუქტი გაძვირდა", - განაცხადა ქეთა გაბუნიამ.

მისივე ინფორმაციით, საკლუბო სექტორისთვის სახელმწიფოს მთავარი მხარდაჭერა აკრეფილი გადასახადების სწორად გადანაწილება იქნებოდა.

"საკლუბო სექტორს ძალიან დიდი კრიზისი გვქონდა, ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული იმისთვის, რომ პანდემიამდელ ნიშნულზე დაბრუნებაზე ვიფიქროთ და ამ მდგომარეობის ფონზე, სახელმწიფოს მხრიდან მთავარი მხარდაჭერა გადასახადების სწორად გადანაწილება იქნებოდა - ჩვენ გვესმის, რომ სახელმწიფოს გადასახადები უნდა გადავუხადოთ, მაგრამ სად მიდის ჩვენი თანხა, რაში იფლანგება? ჩვენ მოვახერხებთ საკუთარი თავის შენახვას, მაგრამ ცხოვრება არ უნდა გაგვირთულონ.

არ გვჭირდება რამდენიმე ათეული ათასის მეჯლისებსა და საახალწლო განათებებში დახარჯვა, საერთოდ სხვა მიმართულებით უნდა იფიქრონ, ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა განავითარონ, ჩვენი გადასახადები არ მოიპარონ და ქვეყანას მოახმარონ, სხვა არაფერი არ გვინდა", - აცხადებს ქეთა გაბუნია.

გაბუნია BM.GE-თან ასევე ყვება, რომ მიუხედავად სირთულეებისა, საკლუბო სექტორს ერთგული მომხმარებლები ჰყავს, რომელთა აქტიურობაც სამომავლოდ სიტუაციის გამოსწორების იმედს იძლევა.

„ხალხს ძალიან მოვენატრეთ, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ჩვენი საკლუბო ღამეები დიდი აქტივობით მიმდინარეობდა, საახალწლო ივენთებმაც იდეალურად ჩაიარა, ეს ყველაფერი კი იმის ფიქრის საბაბს გვაძლევს, რომ ნელ-ნელა პანდემიამდელ მდგომარეობაში დაბრუნებას მოვახერხებთ", - განმარტავს კლუბის დამფუძნებელი.

რაც შეეხება 2023 წლის გეგმებს, ქეთა გაბუნიას ცნობით, ტექნიკური ცვლილებები, Lineup-ების გამრავალფეროვნება და სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელება იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები