მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია იწყება - „ეს გადაადგილებისას გარკვეულ პრობლემებს შექმნის“

6284a300e39ce
ვიქტორია მღებრიშვილი
18.05.22 11:45
3717
თბილისში, ივნისის დასაწყისში მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლება დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში სატრანსპორტო მოძრაობა შეიცვლება, რამაც შეიძლება ქალაქში გადაადგილების პრობლემები შეიქმნას, თუმცა "დედაქალაქს დასაკარგი დრო არ აქვს".

„სამუშაოები ივნისის დასაწყისში დაიწყება, მანამდე კი სამუშაოების წარმოების პერიოდში აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდება, რა დროსაც ვარაზისხევსა და კოსტავას ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება ორივე მიმართულებით შეეძლებათ. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას მომდევნო დღეებში მიეწოდება, რომ ივნისის დასაწყისამდე მათ იცოდნენ რეაბილიტაციის პერიოდში როგორ იქნება შესაძლებელი გადაადგილება.

მესმის, გადაადგილების მხრივ, ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის, მაგრამ მეგობრებო, ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. გვაქვს უამრავი პრობლემა, რომელსაც მოგვარება და მოწესრიგება სჭირდება და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ერთი პროექტის განხორციელებას დაველოდოთ და მეორე ამის შემდეგ დავიწყოთ. პირიქით, რა რესურსი და შესაძლებლობებიც გვაქვს, ერთხელ გავიჭირვოთ, რომ შემდეგ მოწესრიგებული იყოს ეს ყველაფერი“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის შეფასებით, დღეისთვის მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებს დიდ ყურადღებას უთმობს და იმდენად, რამდენადაც მელიქიშვილის გამზირი უმძიმეს მდგომარეობაშია, მისი განახლება მნიშვნელოვანია.

„მელიქიშვილის გამზირის მიწისქვეშა კომუნიკაციები უმძიმეს მდგომარეობაშია და კრიტიკას ვერ უძლებს და ეს გზის საფარსაც ეტყობა, რადგან კონკრეტულ მონაკვეთებში გზა ჩავარდნილი. ეს იქნება ჭავჭავაძის გამზირის გაგრძელება და ის მთლიანად კეთილმოეწყობა.

კერძოდ, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი; მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა; მიწისქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები, რადგან ვიზუალურად ისინი პრობლემას წარმოადგენს და არაკომფორტულია. დამონტაჟდება ახალი ბოძები თანამედროვე ლედ ტიპის სანათებით; გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება და გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, მოეწყობა ახალი მოსაცდელები, ველობილიკი, ასევე დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები; გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირთათვის“, - თქვა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები