მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ მშენებლობის ღირებულების ინდექსი, რომლის გამოქვეყნებაც საქსტატმა დაიწყო ბოლომდე სრულყოფილი არ არის. მისი თქმით, ინდექსი საინტერესოა, თუმცა მასში გათვალისწინებული უნდა იყოს მიწის ფასიც, რომელსაც მშენებლობის ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი უკავია.
"ძალიან მნიშვნელოვანი ინდექსია, მითუფრო, რომ ეს კვლევა ქვეყნის მასშტაბით ტარდება, მაგრამ ფასწარმოქმნაში ამ კომპონენტების გარდა, ერთ-ერთი გადამწყვეტია მიწის ღირებულება. ეს დინამიკაც ძალიან საინტერესოა და თუ ისიც მიებმება გამოქვეყნებულ ინფორმაციას, ძალიან საინტერესო იქნება. საბოლოო ჯამში ნებისმიერ მომხმარებელს ნაკლებად აინტერესებს რამდენია ბინის მშენებლობაში საწვავის წილი და რამდენი ლურსმანია ნახმარი, მისთვის ბევრად მნიშვნელოვანია უძრავი ქონების ფასების ზრდის ან კლების დინამიკა, ამიტომ მიწის ფასის კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია", - განუცხადა bm.ge-ს როსტომაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქსტატმა ახალი ინდიკატორის -მშენებლობის ღირებულების ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო, რომელიც ტიპიური მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის საჭირო მასალებისა და სხვა დანახარჯების ფასების დინამიკას ასახავს. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, წინა კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულება 5,6%-ითაა შემცირებული.

























