როგორც თორნიკე აბულაძე ამბობს, საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მშენებლობებზე შემთხვევით დარღვევებზე არ გავრცელდება.
„აქ მშენებლობის დროს მუშის მიერ შემთხვევით დარღვევებზე არ არის საუბარი, არამედ ეს წინასწარ განზრახული დარღვევაა და სწორედ ამაზე ხდება პრევენცია. ეს პრევენციის ხარისხის გაზრდაა და არა - რეგულაცია. მაგალითად, თუ თქვენ გარკვეული სიმაღლის შენობის აშენება გაქვთ დაგეგმილი და ამას სპეციალურად უმატებთ სიმაღლეს, ეს უკვე განზრახ დარღვევაა; ასევე, როცა თქვენ აშენებთ შენობას, მოვიდა ზედამხედველობის სამსახური და მშენებლობის შეჩერებაზე მიგითითათ, მაგრამ თქვენ არ შეაჩერეთ, ესეც განზრახ დარღვევაა, აგრამ თუ თქვენ მშენებლობისას რამდენიმე სანტიმეტრით გადაცდებით სიმაღლეს, ეს უკვე შემთხვევითი დარღვევაა", - განაცხადა აბულაძემ.
„მენაშენეთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებითვე, თბილისის მერიას ახალ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით სამშენებლო სექტორთან წინასწარი კონსულტაციები ჰქონდა.
"ეროვნული ბანკისგან განსხვავებით, რომელმაც რეგულაციები სამშენებლო სექტორთან კონსულტაციების გარეშე მიიღო, მერიას ჩვენთან კონსულტაციები ჰქონდა. მიუხედავად მერიასთან ბევრ საკითხში უთანხმოებისა, ის ჩვენთან კონსულტაციებს მაინც გადის, ხოლო საკითხებზე შეუთანხმებლობა კი, სამუშაო პროცესია. ვერ გეტყვით, რომ გაგვიხარდა, ვერც იმას გეტყვით, რომ დაგვაზარალებს, თუმცა გაგებით ვეკიდებით და ვხვდებით, რომ ეს არის მერიის რეაქცია არსებულ გამოწვევაზე, რაც მერიას სამშენებლო სექტორთან ურთიერთობის დროს უდგას,“ - განაცხადა აბულაძემ და დასძინა, სამომავლოდ კანონის ძალაში მიღება მშენებლობებს არ შეამცირებს.

























