კვლევითი ინსტიტუტის Gnomon Wise-ის მკვლევარი ეგნატე შამუგია ამბობს, რომ ამერიკული ტარიფების გავლენა საქართველოზე შესაძლოა მეორადი ავტომობილების სახით იყოს.
როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში თქვა, ომის დაწყების შემდეგ საქართველო რუსეთში ავტომობილების რეექსპორტისთვის გამოიყენება და მეორადი მანქანები თუ გაძვირდება ამას ბუნებრივია, ბაზარზე გავლენა ექნება.
"ჩვენ ვართ მსუბუქი ავტომანქანების გამტარი და ისინი ამერიკიდან შემოდის. მას შემდეგ, რაც ომის გამო რუსეთთან მესამე ქვეყნის გავლით ვაჭრობა დაიწყო რეექსპორტი კიდევ უფრო გაიზარდა. ახალი ავტომობილების ფასების ტარიფები უკვე აისახა. მეორე საკითხია რა მასშტაბით და რამდენად იმოქმედებს ტარიფები მეორად ავტომობილებზე და ზოგადად ამ ბაზარზე რა იქნება ჯერჯერობით გაურკვეველია, ისევე როგორც ტრამპის სატარიფო პოლიტიკა რა გავლენას იქონიებს მსოფლიო ეკონომიკაზე და შესაბამისად ჩვენზეც", - ამბობს შამუგია.
ტრამპის მეორე საპრეზიდენტო პერიოდი სავაჭრო ომის გაჩაღებით დაიწყო. პირველ ეტაპზე, ეს იყო აშშ-ის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებისთვის - კანადა, მექსიკა და ჩინეთი - საიმპორტო საქონელზე ტარიფების დაწესება. მოგვიანებით ასეთივე პოლიტიკა დანარჩენ მსოფლიოზეც, მათ შორის, საქართველოზეც გავრცელდა. ტრამპის სავაჭრო ომამდე, აშშ განსხვავებული ტარიფით ბეგრავდა საქართველოდან იმპორტირებულ საქონელს. ამიერიდან, დამატებითი ღირებულების 10%-ით დაიბეგრება.
საქართველოდან აშშ-ში ძირითადი საექსპორტო საქონელი ფეროსილიკომანგანუმია. 2024 წელს აშშ-ში 89.7 მლნ დოლარის ღირებულების ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტი განხორციელდა, რაც ამერიკაში ექსპორტირებული საქონლის მთლიანი ღირებულების 63.6%-ია. ამის შესახებ საუბარია Gnomon Wise-ის საიტზე გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.
აქამდე ამერიკაში ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტი მხოლოდ ღირებულების 3.9%-ით იბეგრებოდა. თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად შეეხება 10%-იანი სატარიფო განაკვეთი საქართველოდან ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტს, რადგან დეტალიზაციის გარეშე, რიგ მინერალებსა და მეტალებზე გამოცხადებულია სატარიფო შეღავათები.
ამასთან, ფეროსილიკომანგანუმის საექსპორტო ბაზარი საკმაოდ დივერსიფიცირებულია (მაგალითად, თითქმის ორჯერ უფრო მეტი საქონელი გავიდა თურქეთში. ასევე, სილიკომანგანუმის ექსპორტი ხორციელდება ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში) და აშშ-ის წილი მთლიან ექსპორტში დაახლოებით 30%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის საექსპორტო ბაზრის სხვებით ჩანაცვლება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. ამრიგად, შამუგია აცხადებს, რომ აშშ-ში ძირითად საექსპორტო საქონელთან მიმართებით, ტრამპის სატარიფო პოლიტიკის უმნიშვნელო პირდაპირი გავლენა ექნება.