მეორად უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2023 წლის შემდეგ მეხუთე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
გალტ&თაგარტის მონაცემებით, მხოლოდ მაისში მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 12.4%-ით გაიზარდა და 1,924 შეადგინა, 5 თვეში კი წლიური ზრდა 14.7%-ია.
"ჯორჯიან ფროფერთი მენეჯმენტის"აღმასრულებელი დირექტორი მეორადი ბაზრის გააქტიურებას ძირითადად უცხოელების მიერ დასრულებული პროექტების მიმართ ინტერესით ხსნის. ნატო ბოჭორიშვილის თქმით, ისრაელი კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ ინვესტორად, თუმცა გაზრდილია მოთხოვნა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდანაც, ინტერესის ზრდას კი ის არაბული "იგლ ჰილსის" საქართველოში შემოსავლას უკავშირებს.
“უცხოელების მხრიდან დაფიქსირდა ინტერესი და ზოგადად, როცა ხდება უცხოელების გააქტიურება, ეს ძირითადად მეორად ბაზარს ეტყობა ხოლმე, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო დასრულებულ კომპლექსებში ხდება არსებული ბინების შეძენა.
ისრაელი გაყიდვებში კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ეს გამომდინარეობს ჩვენი ისტორიული ურთიერთთანამშრომლობიდან და მითუმეტეს იმ კონფლიქტიდან, რომელიც ბოლო პერიოდში არსებობს ახლო აღმოსავლეთში. რა თქმა უნდა, ინვესტირებისთვის ერთ-ერთი საინტერესო და საუკეთესო ლოკაცია საქართველოა, ამიტომ ამ კუთხით ნამდვილად გაიზარდა ინვესტიციები. ასევე, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდანაც გვაქვს სხვადასხვა ტიპის დაინტერესება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში იმის გამო, რომ თავად შემოვიდა ჩვენს ბაზარზე კომპანიები — "ემაარი" (Emaar) და "იგლ ჰილსი" (Eagle Hills). გარდა იმისა, რომ თავიანთი მყიდველები ჰყავთ და ამ ბაზრისთვის ძალიან ბევრ საერთაშორისო მასშტაბის საბროკერო კომპანიასთან ცდილობენ საქართველოს პოზიციონირებას, მათთვის უკვე არა მხოლოდ მათი პროექტებია საინტერესო, არამედ სხვა პროექტებიც, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება.
ძირითადად ინტერესი უფრო დასრულებისკენ არსებული კომპლექსების მიმართ არისებობს. ასევე ყურადღებას აქცევენ ცნობილ დეველოპერებს ანუ ბრენდს”,-აცხადებს "საქმის კურსთან" ინტერვიუში ნატო ბოჭორიშვილი.
გალტ&თაგარტის მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში, თბილისში 18,296 ბინა გაიყიდა. ტრანზაქციების ჯამურმა ღირებულებამ კი 1.6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 21.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საინვესტიციო ბანკი აცხადებს, რომ მაისში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად მცირედით გაიზარდა, თუმცა გაყიდული ფართობი შემცირდა, რაც მაისში გაყიდული ბინების საშუალო ზომის შემცირებას უკავშირდება.
“ერთ-ერთი კომპონენტი, რამაც გამოიწვია საშუალო ფართობის შემცირება, არის ის, რომ ძირითადად ქონებების შეძენა ხდება საინვესტიციო მიზნობრიობით. მოგეხსენებათ, რომ ერთსაძინებლიანი ბინები ყველაზე მეტად პოპულარულია, როცა საინვესტიციო ქონებას ეძებენ ინვესტორები. რაც შეეხება ფასს, როდესაც ხდება დიდი ქონების რეალიზაცია, ყოველთვის საშუალო ფასი კვადრატულზე სამსაძინებლიანის შემთხვევაში უფრო ნაკლებია, ვიდრე ერთსაძინებლიანის შემთხვევაში. ამიტომ, ფასების ზრდის ტენდენცია და საშუალო ფართობის შემცირების ტენდენცია ზუსტად ასახავს იმ სიტუაციას, რაც დღესდღეობით ბაზარზე გვაქვს”,-აცხადებს ბოჭორიშვილი “საქმის კურსთან” ინტერვიუში.




























