მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეორადი ბილეთების პლატფორმა TicTic.me 2025 წლის ბოლომდე რეგიონულ ბაზრებზე გაფართოებას გეგმავს

TIC TIC

მეორადი ბილეთების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა TicTic.me 2025 წლის ბოლომდე რეგიონულ ბაზრებზე გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა, დავით შონიამ ისაუბრა.

პლატფორმა TicTic.me მიმდინარე წლის, მარტის დასაწყისიდან ამოქმედდა და მისი მიზანი დამფუძნებლის თქმით, თაღლითური გარიგებების თავიდან აცილებაა.

დავით შონიას ინფორმაციით, 2025 წლის ბოლოსთვის TicTic.me-ის მიზანია ქართული ბაზრის 50%-ის ათვისება, ხოლო მას შემდეგ, რაც ადგილობრივ ბაზარს დააკმაყოფილებენ, კომპანია ექსპორტს რეგიონის ქვეყნებში გეგმავს.

“მომხმარებლები ხშირად თაღლითურ გარიგებების მსხვერპლი ხდებიან, შედეგად ნდობის პრობლემა ბაზარზე მწვავედ დგას და რეალური ბილეთების პოვნა ნამდვილი გამოწვევაა. TicTic.me სწორედ ამ პრობლემების გადაჭრისთვის იქმნება. პოპულარულ სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ასობით პოსტი იდება, ბილეთების ყიდვა/გაყიდვის მოთხოვნით. ეს კი ნიშნავს, რომ ბაზარს სტრუქტურირებული, უსაფრთხო და ეფექტური პლატფორმა სჭირდება, რომელიც მყიდველებსა და გამყიდველებს იდეალურ გამოცდილებას შესთავაზებს.

ჩვენი პლატფორმა მომხმარებლებს უსაფრთხოების, გამჭვირვალობისა და კომფორტის სრულიად ახალ სტანდარტს სთავაზობს. აქ ნებისმიერი ადამიანი შეძლებს ბილეთების გაყიდვას და შეძენას, ამასთანავე, დაზღვეული იქნება თაღლითობისგან, მიიღებს სწრაფ გადახდებს და შეძლებს მარტივ კომუნიკაციას გამყიდველებთან. მას შემდეგ, რაც ადგილობრივ ბაზარს ავითვისებთ, 2025 წლის ბოლომდე სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში და სხვა ქვეყნებში გასვლა იგეგმება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ გეგმაა”, - ამბობს დავით შონია.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ USAID-ისგან ჯამურად 25,000 ლარი მოიზიდა, ამასთან პლატფორმაში BOG-ის გადახდების და Identomat-ის ვერიფიკაციის სისტემებია ინტეგრირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები