მეორადი საბურავების გადამუშავებელმა საწარმომ იმპორტის 80% ჩაანაცვლა,- ამის შესახებ თავად საწარმოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გივი ბაზღაძემ bm.ge-ს განუცხადა.
მისი თქმით, საწარმო თბილისში სულ 5 თვეა, რაც მუშაობს, მაგრამ შეძლო და მეორადი საბურავების გადამუშავებით მიღებული რეზინის გრანულების იმპორტის ნაწილი ჩაანაცვლა. კომპანიის მიზანია, კონკრეტული სეგმენტის რეზინის გრანულების (0,5 სმ.-2,5 სმ.-ის სისქის გრანულები, რომლებიც ძირითადად საბავშვო მოედნებისა და სავარჯიშო ტრენაჟორების ინფრასტრუქტურისთვის გამოიყენება) იმპორტი სრულად ჩაანაცვლონ. გივი ბაზღაძის თქმით, საქართველოში ამ დრომდე ბერძნული და თურქული პროდუქცია შემოდიოდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქციის ექსპორტსაც გეგმავენ, თუმცა, გადაწყვეტილება ამ საკითზე საბოლოოდ მიღებული არ არის.
100-ათასლარიანი დაფინანსება საწარმოს ასამოქმედებლად კომპანიამ „სტარტაპ საქართველოს“ პროექტის ფარგლებში მიიღო. ადგილზე 15 ადამიანია დასაქმებული.
საბურავების გადამუშავებით მიღებული პროდუქცია გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის საბავშვო მოედნების მოწყობაში, სარბენი ბილიკების ინფრასტრუქტურისთვის და ა.შ.

























