იაპონიის მთავრობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა სრულად გაუქმდა.
პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის კაბინეტის მიერ დამტკიცებული ცვლილებები ქვეყანას ლეტალური იარაღის, მათ შორის საბრძოლო ხომალდების, ტანკებისა და რაკეტების საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვისთვის გზას უხსნის.
როგორც ირკვევა, აღნიშნული ნაბიჯით ოფიციალურ ტოკიოს სურს, გამოეხმაუროს ჩინეთის მხრიდან გაზრდილ უსაფრთხოების რისკებს და მსოფლიო წესრიგის მიმდინარე ცვლილებას.
ახალი რეგულაციით, თავდაცვითი აღჭურვილობა ორ კატეგორიად - „იარაღებად“ და „არაიარაღებად“ დაიყოფა. თუ ერთი ლეტალურ შეიარაღებას მოიცავს, მეორე ჯგუფში რადარები და თავდაცვითი აღჭურვილობა მოიაზრება. აღსანიშნავია, რომ საექსპორტო გარიგებების შესახებ გადაწყვეტილებებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მიიღებს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ იარაღის მიყიდვა მხოლოდ იმ 17 ქვეყნისთვის იქნება შესაძლებელი, რომლებთანაც ტოკიოს ტექნოლოგიების გადაცემის შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვს. რაც შეეხება აქტიურ საომარ მოქმედებებში ჩართულ სახელმწიფოებს, მათზე იარაღის მიწოდება, მეტწილად, აკრძალულად დარჩება. თუმცა რეგულაცია გამონაკლისი შემთხვევებისთვის დათქმასაც ითვალისწინებს. იაპონია დაიტოვებს უფლებას, უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვიტოს, მიჰყიდის თუ არა კონკრეტულ ომში მყოფ ქვეყანას იარაღს.
მთავრობის განმარტებით, პოლიტიკის ცვლილება მიზნად მოკავშირეებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქვეყნის თავდაცვითი ინდუსტრიის სტიმულირებას ისახავს. პრემიერ-მინისტრმა ტაკაიჩიმ საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს უარს იაპონიის ომისშემდგომ პაციფიზმსა და „ექსკლუზიურად თავდაცვაზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე“.
აღსანიშნავია, რომ იაპონიამ უკვე მოიგო ტენდერი ავსტრალიისთვის „მოგამის“ კლასის ფრეგატების მიწოდებაზე. ამას გარდა, იაპონური სამხედრო გემების შესყიდვის დაინტერესება ფილიპინებმა, ინდონეზიამ და ახალმა ზელანდიამაც გამოთქვეს.
ცნობისთვის, იაპონიაში იარაღის ექსპორტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი გაყოფილია: გამოკითხულთა 49% ცვლილებებს ეწინააღმდეგება, ხოლო 40% მხარს უჭერს.
აქვე უნდა ითქვას, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური ტოკიოს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა და ის მკაცრად გააკრიტიკა.




























