გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ქვეყანაში დრამატული ეპიდსიტუაციაა შექმნილი. მისი თქმით, ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება.
„მეოთხე ტალღა მთელი ძალით ურტყამს ჩვენს ქვეყანას“, - აცხადებს ის. მერკელის განმარტებით, დღიური ინფიცირების ასეთი მაღალი მაჩვენებელი გერმანიაში არასდროს ყოფილა. ასევე გარდაცვალების ყოველდღიური სტატისტიკაც შემაშფოთებელია.
"რობერტ კოხის ინსტიტუტის" მონაცემებით, ოთხშაბათს, გერმანიაში კოვიდინფიცირების ახალი 52,826 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 294 პაციენტი. ამ დრომდე ქვეყანაში 5.1 მლნ შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან კორონავირუსს 100 000 ადამიანი შეეწირა.
მერკელი და ქვეყნის სხვა ლიდერები მიმდინარე კვირას შეხვედრას გეგმავენ, სადაც ახალი შესაძლო შეზღუდვების დაწესებაზე იმსჯელებენ.