მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მექსიკაში არსებული ნარკოკარტელური შეტაკებების გამო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა საფრთხის ქვეშ არის

მექსიკა მსოფლიოს ჩემპიონატი 2026

22 თებერვალს ოფიციალურად დადასტურდა, რომ მექსიკის არმიამ “ხალისკოს ახალი თაობის კარტელის“ (CJNG) 59 წლის ლიდერი, ნემესიო ოსეგერა, ცნობილი როგორც "ელ მენჩო", მოკლა. ამას კარტელის მხრიდან სწრაფი და ძალადობრივი პასუხი მოჰყვა, კერძოდ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეიარაღებული შეტაკებები დაიწყო კარტელის წევრებსა და მექსიკის შეიარაღებულ ძალებს შორის.


The New York Times-ის ინფორმაციით, არეულობა მინიმუმ ხუთ შტატში გავრცელდა. მონაწილეებმა დაწვეს ავტომობილები და გადაკეტეს გზები, რაც ნარკოკარტელების მიერ ხშირად გამოყენებული ტაქტიკაა, რათა უსაფრთხოების ძალების გადაადგილება შეაფერხონ და ქაოსი შექმნან. ხალისკოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ზოგიერთ რაიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია და მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. მიმდინარე დაძაბულობამ სპორტზეც იქონია გავლენა.

მექსიკური მედიის ცნობით, გადაიდო ქალთა კლასიკო “გვადალახარასა“ და “ამერიკას“ შორის შეხვედრა. ასევე არ ჩატარდა “კერეტაროსა“ და “ხუარესის“ მატჩი, რომელიც “ესტადიო კორეხიდორაზე“ უნდა გამართულიყო. მიზეზად უსაფრთხოების ზომები სახელდება.

როგორც ცნობილია, წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა მექსიკაა. ხალისკოს ადმინისტრაციული ცენტრი, გვადალახარა, ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქია, თუმცა ამჟამად იქ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. მომდევნო კვირას “ესტადიო კორეხიდორაზე“ მექსიკის ნაკრებს ისლანდიასთან ამხანაგური მატჩი უნდა ჩაეტარებინა, თუმცა არსებული ვითარების ფონზე უცნობია, გაიმართება თუ არა შეხვედრა.

სამხრეთ კორეა ერთ-ერთი ნაკრებია, რომელსაც გვადალახარაში თამაშები აქვს დაგეგმილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის ხელისუფლება და საფეხბურთო ფედერაცია მექსიკაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და სერიოზულად არიან შეშფოთებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები