მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მექსიკის უმდიდრესი ადამიანი ნავთობის სექტორში ინვესტიციის გასაზრდელად ემზადება

სლიმი

მექსიკელი მაგნატი კარლოს სლიმი ნავთობის სექტორში ინვესტიციის გაზრდით არის დაინტერესებული. მექსიკის უმდიდრესი ბიზნესმენის ინტერესებს შორისაა ამერიკული კომპანია Talos Energy-ის პროექტები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სლიმმა გასულ წელს Talos-ის მიერ წამოწყებული ოფშორული პროექტების მნიშვნელოვანი წილი შეიძინა.

ამის შესახებ კარლოს სლიმმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიაში საკუთარი კომპანიის ჩართულობის ნავთობსაბადოების მიღმა ზრდა სურს, მათ შორის პეტროქიმიური პროექტების მიმართულებით.

სლიმის განმარტებით, შეისყიდის თუ არა ბიზნესმენი Talos-ის შვილობილი, მექსიკური კომპანიის წილებს, სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, თუმცა თავად ყველაზე მეტად ჰიუსტონში დაფუძნებული Talos-ის სრული პორტფოლიოთია დაინტერესებული.

“პირობებზეა დამოკიდებული, რამდენად გავზრდით Grupo Carso-ს წილს ჩვენს ჰოლდინგში, თუმცა ეს აუცილებლად მოხდება. მშობელ კომპანიაში ინვესტირება გაცილებით უფრო გვაინტერესებს, გვინდა გამოცდილების მქონე კომპანიასთან ვითანამშრომლოთ”, - განაცხადა კარლოს სლიმმა.

Talos-მა ჯერ კიდევ 2017 წელს მექსიკის ტერიტორიულ წყლებში ზამას საბადო აღმოაჩინა, თუმცა სამუშაოების წარმოების უფლება კომპანია Pamex-თან დავაში დაკარგა. ამავე დროს, ზამას საბადო, რომელიც, სავარაუდოდ, 735 მილიონ ბარელ ნავთობს იტევს, მექსიკაში Talos-ის ერთადერთი პროექტია. გასული წლის სექტემბერში Talos-მა $125 მილიონი მიიღო Grupo Carso-სგან, რომელმაც Talos Mexico-ს 49.9%-იანი წილი შეიძინა.

ათწლეულის განმავლობაში სლიმის კომპანიები სერვისების მიწოდებაზე, კერძოდ საბურღი დანადგარებისა და ღრმაწყლოვანი პლატფორმების გაქირავებაზე იყო ორიენტირებული. სლიმის ინფორმაციით, ბიზნესმენი ამჟამად Talos Energy-ის 22%-იან წილს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები