“კერეტაროს”, რომელსაც მექსიკის ჩემპიონატი 75 წლის არსებობის ისტორიაში არასდროს მოუგია, ხოლო წელს ლიგა MX–ში 18 გუნდიდან 12–ე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა, განსაკუთრებულ შეთანხმებას მიაღწია.
Innovatio Capital-ის დამფუძნებლის მარკ შპიგელის ხელმძღვანელობით კონსორციუმმა ოფიციალურად შეისყიდა “კერეტარო”, რომელსაც ფლობდა Jorgealberto Hank Inzunza Grupo, უდიდესი სპორტული ფსონების კომპანია მექსიკაში. გარიგების ღირებულება ამერიკული გამოცემა Forbes–ის ინფორმაციით $120 მილიონზე მეტს აღწევს.
Innovatio, რომელიც შეიქმნა ორი წლის წინ და რომელიც ახორციელებს პირველ ინვესტიციას, არ ასახელებს ინვესტორებს Fonseca Group–ის გარდა. შპიგელი, რომელმაც შექმნა Rubicon (ნაგვის მართვის ფირმა) და 2022 წელს შემოვიდა სპორტის სამყაროში NIL-ის კლუბ Louisville-ით, “კერეტაროს” თავმჯდომარის პოსტზე იმუშავებს.
„ჩვენ განვიხილეთ 200-ზე მეტი ინვესტიცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მრავალ კონტინენტზე. ვფიქრობ არ გვქონია მნიშვნელოვანი კვლევა მექსიკის მიმართ, მაგრამ როცა ღრმად ჩავეძიეთ, დავინახეთ დაუჯერებელი პოტენციალი სხვა ნებისმიერ ლიგასთან შედარებით“ - განაცხადა მარკ შპიგელმა, რომელმაც წინა წელს “ჩარლტონ ატლეტიკის” შესყიდვაზე განაცხადი შეიტანა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ კლუბი წაგებაზე მუშაობდა და განაცხადი გამოიტანა.
მექსიკური ლიგა MX-ის კლუბების ღირებულება ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამორჩება MLS-ს, რომლის 29 გუნდიდან თითოეულის ღირებულება, Forbes-ის შეფასებით, მინიმუმ $415 მილიონია, საშუალო ღირებულება კი $690 მილიონს აღწევს. მაგალითად, მიმდინარე თვეში Sportico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ქოლუმბუს ქრიუს”-ის 10%-იანი წილი გაიყიდა $900 მილიონიანი შეფასებით.
Liga MX-ს სხვა უპირატესობებიც აქვს MLS-ის მიმართ. პირველ რიგში, ეს არის უდავოდ ნომერ პირველი სპორტული ლიგა მექსიკაში, რომელიც ფეხბურთზე გატაცებული ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ტელემაუწყებლობის ლანდშაფტი საკმაოდ არეულ მდგომარეობაშია, Liga MX მაინც მეტ მაყურებელს იზიდავს, ვიდრე MLS-ი.
გარდა ამისა, Forbes-ის შეფასებით, MLS-ის 16 გუნდმა წინა სეზონში ზარალით იმუშავა, მაშინ როცა Liga MX-ის კლუბების უმეტესობა პოზიტიურ ფულად ნაკადს გენერირებს.
Fonseca Group-ის ვიცე-პრეზიდენტი ადრიან მადერო ამბობს:
„ეს კარგი პროდუქტია ნაკლები დანახარჯით. მექსიკაში 25,000-ადგილიანი თანამედროვე სტადიონის აშენება $50 მილიონზე ნაკლებად შეიძლება. ამერიკაში ეს წარმოუდგენელია. და თუ უკვე ხარ $800 მილიონიან ვალებში, მაშინ ბილეთებსაც უფრო ძვირად ყიდი, ლუდსაც და ყველაფერი უფრო ძვირი ხდება“ - განაცხადა ადრიან მადერომ.
რაც შეეხება “კერეტაროს”, შპიგელის გუნდი მომავლისთვის ოპტიმისტურად არის განწყობილი. კლუბი თამაშობს სწრაფად მზარდ მეტროპოლიურ ზონაში, რომელსაც 1.5 მილიონი ადამიანი ჰყავს და რომელიც განიხილება როგორც წარმოებისა და მონაცემთა ცენტრებით მდიდარი ჰაბი.




























