აუდიტის სამსახურმა მამუკა ბახტაძის მიერ 2012 წელს ნაციონალური მოძრაობისთვის გადარიცხული თანხის საკითხის შესწავლა დაიწყო.
„ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გავაკეთებთ ამ საკითხის იურიდიულ ექსპერტიზას. ამ საკითხის შესწავლა დავიწყეთ“, - განაცხადა მთავარმა აუდიტორმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.
შეგახსენებთ, 19 ივნისს მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ მის მიერ 2012 წლის აგვისტოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ შეწირული 20 000 ლარი საკუთარი არ იყო და მისი საბანკო ანგარიში „იქნა გამოყენებული მხოლოდ ტექნიკურად“.
ამ თემასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომაც“. მათი ინფორმაციით, მიუხედავად ამ ტიპის დარღვევებზე ამინისტიის გამოცხადებისა, აღნიშნული შემთხვევის სრულყოფილი შესწავლა უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქმე ეხება ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მსურველ კანდიდატს, რომელსაც კარგი საჯარო მმართველობის უზრუნველყოფის საკითხში მთავარი როლი აკისრია.

























