"ლარი მერყეობას განაგრძობს და ეს სავსებით მოსალოდნელი იყო“, - განაცხადა გადაცემაში ბიზნესკონტრაქტი ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ კაკულიამ. მისი განცხადებით, იანვარში როგორც წესი მერყეობა მოსალოდნელია. თუმცა კაკულიას განცხადებით, შიდა ფატორების გარდა, ლარზე კვლავ მოქმედებს საგარეო ფაქტორებიც. მსგავსად მას თურქული ლირად გაუფასურებაც მოჰყავს.
"როგორც ჩანს თურქეთში ფუნდამენტური პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები მიმდინარეობს, რაც ჩვენთვის ძალიან ცუდია.
ექსპორტი ბოლო თვეებში თითქოს თანმიმდევრულად იზრდება, ფულადი გზავნილების მოცულობაც იზრდება, მაინც და მაინც სწრაფად არა, ასევე შემოსავლები ტურიზმიდანაც იზრდება და ამ თვალსაზრისით კარგი ტენდენცია იკვეთება, თუმცა წლის დასაწყისის პირველი ორი თვე რთული თვეებია. თუ იმას ვივარაუდებთ, რომ ის დასახული ოთხი და ათპუნქტიანი გეგმა განხორციელდება, ეს შედეგს დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ მოიტანს.
2017 წლის პირველი ნახევარი მარტივი არ იქნება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ეკონომიკას ძალიან დიდი საგარეო ვალის ტვირთი აწევს. აქ სახელმწიფოს საგარეო ვალზე არ ვსაუბრობ, რადგან სახელწმიფოს საგარეო ვალი კურსზე ნაკლებად ახდენს გავლენას. მე უფრო კერძო სექტორის დავალიანება მაწუხებს, რომელიც პერმანენტულია და კურსის მერყეობასთან დაკავშირებით სულ ექსცესებს წარმოშობს“, - განაცხადა კაკულიამ.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის პოლიტიკას, კაკულიას განცხადებით, ყოველფღიურ მერყეობებზე ბანკმა განცხადებები არ უნდა გააკეთოს, თუმცა უნდა ეცადოს, რომ უარყოფითი მოლოდინები არ წარმოშვას.
"ყველა ცენტრალური ბანკი ცდილობს, რომ პრევენცია გააკეთოს უარყოფითი მოლოდინების წარმოშობის. თუმცა ეს ძალიან რთული საქმეა, განსაკუთრებით ისეთ ეკონომიკაში, როგორიც საქართველოშია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გადამეტებული აჟიოტაჟი, რომელიც ჩვენ შიდა სავალუტო ბაზარზე პერიოდულად და ახლ უკვე ძალიან ხშირად ხდება, უარყოფით გავლენას ახდენს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე. ცენტრალური ბანკისთვის ძალიან ძნელია, რომ სისტემატურად გააკეთოს რეაგირება, მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის მოუწოდებს ბაზრის ოპერატორებს, რომ დაწყნარდნენ. თუმცა დამშვიდების საფუძველს ვერც ბანკები ხედავენ და ვერც შედარებით ნაკლებად ინფორმირებული და აჟიტირებული მოსახლეობა", - განაცხადა კაკულიამ.

























