მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელი, გერმანული Mercedes-Benz-ი გერმანიაში შოურუმების ფრენჩაიზის უფლებით გაყიდვას განიხილავს. ეს იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, ის შოურუმები, რომლებსაც კომპანია მშობლიურ ქვეყანაში ფლობს, გასხვისდეს.
ამ საკითხზე, რომელიც ოც შოურუმს და იქ დასაქმებულ რვა ათას თანამშრომელს ეხება, საბოლოო გადაწყვეტილებას გერმანული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო, სავარაუდოდ, პარასკევს მიიღებს.
“რამდენიმე ევროპულ ბაზარზე წარმატებული გამოცდილების მიღების შემდეგ, განვიხილავთ, თუ როგორ მოვაწყოთ ჯგუფის მფლობელობაში შემავალი გერმანული შოურუმები უფრო დამოუკიდებლად, ანუ გამორიცხული არ არის, შოურუმები გამოცდილ და ავტორიტეტულ დილერებს მივყიდოთ”, - ვკითხულობთ Mercedes-Benz-ის განცხადებაში, სადაც ნათქვამია ისიც, რომ კომპანია შოურუმების დახურვას არც კი განიხილავს.
ამ დრომდე, საკუთარი შოურუმები Mercedes-Benz-ს გაუყიდია, როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ასევე იტალიაში, საფრანგეთში, ბელგიასა და ჩეხეთში.
როგორც Mercedes-Benz-ის განცხადებაში ვკითხულობთ, კომპანიის ფრენჩაიზის პოტენციური მყიდველი ავტომობილებით ვაჭრობის მიმართულებით ექსპერტულ ცოდნას უნდა ფლობდეს და თან, გერმანიაში სამუშაო ადგილების შექმნის გამოცდილება უნდა ჰქონდეს, რადგან, როგორც კომპანიაში ამბობენ, ამ პროექტის მიზანი - რეგიონებში მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნაა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Mercedes-Benz-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $69 მილიარდს აღემატება - ამ მაჩვენებლით, ის რიგით მე-5 უდიდესი ავტომწარმოებელია, Tesla-ს, Toyota-ს, BYD-ისა და Porsche-ს შემდეგ.