რძის მწარმოებელთა ასოციაციაში აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში 1 ივლისს შესულ ცვლილებებს დადებითაც აფასებენ.
როგორც BMG-ის ასოციაციის თავმჯდომარემ განუცხადა, მერძევეობის დარგისთვის იმაზე მაღალი თანადაფინანსების ლიმიტია გათვალისწინებული, ვიდრე ეს სხვა აგროდარგების შემთხვევაშია [2 მილიონი ლარი].
კახა კონიაშვილის შეფასებითვე, პროგრამის ფარგლებში სწორადაა დანახული დარგის საჭიროებები.
„სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით, როდესაც ვნახეთ, რომ უშუალოდ მერძევეობის მიმართულებით ზედა ზღვარი თანადაფინანსების იქნება 10 მილიონი ლარი და ეს თანხა განსხვავდება დანარჩენი აგრომიმართულებებისაგან. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან სწორად გადადგმული ნაბიჯია, იმიტომ, რომ ფერმერული მეურნეობის, მერძეული ფერმერული მეურნეობის მოწყობა საკმაოდ ძვირად ღირებული ფუფუნება არის და ციფრები და მონაცემები, რაც ამ პროგრამაში არის შეტანილი და რაც არის გათვალისწინებული, იგივე პროდუქტიული საქონლის შეძენისთვის, აღჭურვილობის შეძენისთვის, ეს თანხები საკმაოდ რეალისტურია და აქედან გამომდინარე გაითვალა ალბათ ეს ყველაფერი და ძალიან კმაყოფილები ვართ“, - განაცხადა კახა კონიაშვილმა.
რძის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებითვე, ახალი პროგრამის ფარგლებში შესაძლოა, ფერმერებს ბანკიდან სესხის აღებაც გაუმარტივდეთ.
„რაც შეეხება იმას, რომ ჯერ სახელმწიფო აფასებს ამას [პროექტს] და ის ადგენს, ღირს თუ არა ამ პროექტში თანადაფინანსების გამოყოფა და შემდეგ უკვე ბანკში უწევს მისვლა ბენეფიციარს, ჩემი გადმოსახედიდან, ეს უფრო სწორი მიმართულებაა, იმიტომ რომ ბანკს და სახელმწიფოს განსხვავებული მიდგომები და განსხვავებული ხედვები აქვთ პროექტის შეფასებისას. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ის სტრატეგიული დაგეგმარება და ის გზა, რომლისკენაც უნდა რომ წაიყვანოს კონკრეტული მიმართულება და ის სხვა გადმოსახედიდან აფასებს ამას, უფრო სახელმწიფოებრივი, წმინდა წყლის აგროტექნიკური მიმართულებით. ხოლო ბანკის მთავარი ამოცანაა, რომ განსაზღვროს ფინანსურად რამდენად აწევს ესა თუ ის ბენეფიციარი ამ პროექტს და ტყუილად ხომ არ „გაისვრის“ ის იმ თანხას, რომელიც შემდგომში თავის ტკივილი იყოს მისთვის.
ამიტომ, ამ თვალსაზრისით, ჩემი აზრით, პირიქით, შეიძლება გაუადვილდეს კიდევაც ბენეფიციარს, რომ ბანკიდან სესხი აიღოს, იმიტომ, რომ რადგან სახელმწიფოს გადაწყვეტილება არსებობს და ამ შემთხვევაში სოფლის პროექტების სააგენტო თუ დაადგენს, რომ აქ ღირს თანხის ჩადება და ეს პერსპექტიული პროექტია, ამ შემთხვევაში უკვე უფრო მეტი ნდობა ექნება, ჩემი აზრით, ბანკს, რომ დააფინანსოს ესა თუ ის მიმართულება.
სახელმწიფოსგან უკვე გაქვთ იმის გარანტია, რომ თქვენ თუ 1 მილიონს აიღებთ სესხად, 1 მილიონს ის მოგცემთ, ან 2 მილიონს თუ აიღებთ, 2 მილიონსაც ის მოგცემთ. გადახდისუნარიანობის კოეფიციენტი საკმაოდ იზრდება ბანკის თვალში“, - განაცხადა კახა კონიაშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობამ აგროთანადაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი სიახლე თანადაფინანსების გაცემის წესია. თუ ადრე სახელმწიფო სუბსიდია სესხის მომსახურების პერიოდში პარალელურად გაიცემოდა, ახალი სისტემით ბენეფიციარმა ჯერ თავად უნდა განახორციელოს ინვესტიცია. 15 მილიონიდან 4 მლნ ლარამდე მცირდება თანადაფინანსების ლიმიტი. პროცენტის თანაგადახდა 11%-დან 8%-მდე ვადიანობა კი 66-დან 36 თვემდე შემცირდა. პროგრამის მიზანი, მთავრობის ინფორმაციით, პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდის ხელშეწყობა და აგროსექტორში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მხარდაჭერაა, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობის გზით.



























