"ფოთის მერიამ სიახლე - ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ, „ეიფიემ ტერმინალსის“ ინფორმაციის საფუძველზე გაავრცელა, - განუცხადა BM.ge-ის ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.
„ინფორმაცია ფოთის პორტისგან მივიღეთ, ჩავთვალეთ, რომ ეს იყო პოზიტიური ინფორმაცია და გავავრცელეთ... ინფორმაცია, რომ მშენებელობის ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანება გაუქმებულია, ჯერ არ გვაქვს, გავერკვევით სიტუაციაში“, - განაცხადა მერმა.
შეგახსენებთ: ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ეიფიემ ტერმინალსისთვის“ მიწათასარგებლობის ნებართვის გაცემა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მიერ, დარღვევებით მოხდა და შესაბამისად, ბრძანება გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს უფროსი კი, სამსახურიდან გათავისუფლებულია.
თურნავამ ასევე თქვა, რომ სააგენტოს უფროსმა გრიგოლ კაკაურიძემ, გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებლად იმოქმედა და ის არავისთან შეუთანხმებია, მათ შორის არც - მინისტრთან.
ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია პირველმა, 28 მაისს ფოთის მერიამ გაავრცელა, მეორე დღეს კი - ნებართვის მიმღებმა „ეიფიემ ტერმინალსმა“.

























