მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერია ამბობს, რომ თბილისში გზებისა და ტროტუარების თოვლისგან გაწმენდა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს

თოვლი

თბილისში მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზებისა და ფეხით სავალი მონაკვეთების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები. დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები პროცესში კვლავ 24-საათიან რეჟიმში არიან ჩართულები - ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ტროტუარებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებების გაწმენდა მიმდინარეობს ბაგებში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძის და მელიქიშვილის გამზირებზე. სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, უხვი თოვლის გამო პირველ ეტაპზე პრიორიტეტი ცენტრალური გამზირებისა და ქუჩების გაწმენდა იყო, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება უზრუნველყო. მისი თქმით, თოვის შეწყვეტის შემდეგ სამუშაოები შიდასაუბნო ქუჩებსა და ტროტუარებზე გადაინაცვლებს.

„სრული მობილიზებით ვიწყებთ ტროტუარებსა და ჩიხებში მუშაობას. გზების გაწმენდა გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ლოკაციაზე არსებული პრობლემა არ აღმოიფხვრება. საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია მერიის ცხელ ხაზს მიმართოს,“ - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 17 იანვრიდან დღემდე დედაქალაქის ქუჩებსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე 5 ათას ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები