მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია ახალ პროექტს იწყებს - რას ითვალისწინებს „მდგრადი ურბანული მობილობა თბილისში“?

64ae4e2c07b89
BM.GE
12.07.23 11:00
5981
თბილისის მერია გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით, ახალ პროექტს - „მდგრადი ურბანული მობილურობა თბილისში“ განახორციელებს, რომელიც დედაქალაქში ურბანული სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად.

პროექტის პრეზენტაციას, რომელსაც თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია გერმანიის განვითარების ბანკის, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრება.

„მდგრადი ურბანული მობილურობა თბილისში“ ხუთწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი სერვისების განვითარებას, ასევე, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას.

გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მდგრადი და ეკოლოგიურად უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელის შესაქმნელად, შემუშავდება ინტეგრირებული მულტიდისციპლინური მიდგომა; „ჭკვიანი (ITS) სისტემების“ დანერგვით, გათვალისწინებული იქნება მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების საკითხი; დაიხვეწება, როგორც სატრანსპორტო ნაკადის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის, ისე შუქნიშნების კონტროლის მენეჯმენტი.

პროექტი ასევე, გააფართოებს ეკო-სატრანსპორტო ქსელს, რაც გულისხმობს ავტობუსის ზოლების უწყვეტი და ინტეგრირებული სისტემის შექმნას, ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადაადგილებისთვის აუცილებელი უსაფრთხო სივრცეების გამოყოფას. ყველა ამ ღონისძიების ერთობლივად განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება ჰაერის დაბინძურების ხარისხი და ტრანსპორტის გადაადგილებით გამოწვეული გამონაბოლქვი. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.

„მდგრადი ურბანული მობილურობა თბილისში“ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (DKTI) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანი თბილისში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი გარდაქმნა და მართვაა.

ხუთწლიანი პროექტის მენეჯმენტსა და საკონსულტაციო მომსახურებას ახორციელებს GOPA Infra Consultants GmbH-ი, ILF Consulting Engineers Austria GmbH, ავსტრიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (AIT), GmbH, A+S Consult GmbH, ILF Consulting Engineers Georgia GmbH და შპს „კავკასუს საკონსულტაციო ჯგუფი“ (CCG).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები