თბილისის მერია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემას ცვლის. თუ აქამდე ამხანაგობის თავმჯდომარე თვითონ ახდენდა პრობლემის იდენტიფიცირებას, პოულობდა კონტრაქტორ კომპანიას და ყოველგვარი ტენდერის გარეშე ხდებოდა გამგეობების მიერ პროექტების დაფინანსება, ასეთ პრაქტიკას ახალი სისტემა ჩაანაცვლებს.
როგორც თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერია ასეთ პროექტებს 100%-ით დააფინანსებს, თუმცა ამხანაგობებს გარკვეული ვალდებულებაც ექნება.
"ნებისმიერი პროექტი, რომელიც განხორციელდება, განხორციელდება ტენდერების საშუალებით და გამგეობა დააფინანსებს 100%-ით. ანუ ჩვენ არ ვთხოვთ თანადაფინასებას მოსახლეობას. რაც მოეთხოვება მოსახლეობას იქნება ის, რომ ტენდერის ფასის მიხედვით 10% მათ უნდა შეაგროვონ ამხანაგობის ფარგლებში და თავად გადაწყვიტონ თუ დამატებით რა ტიპის ინფრასტრუქტურულ ან ეკონომიკური განვითარების პროექტებზე მოიხმარენ ამ 10%-ს. ეს არის უკვე თვითდაფინანსება და არა თანადაფინანსება",-განმარტავს მერის მოადგილე, ილია ელოშვილი.
აღნიშნულ პროექტზე თბილისის მერია წელს დაახლოებით 28 მილიონ ლარს დახარჯავს.

























