თბილისის მერია CT Park-თან სამართლებრივი დავისთვის ემზადება. მუნიციპალიტეტმა იურიდიული მომსახურების შესყიდვა გადაწყვიტა. მერია კომპანიის შესარჩევად გამარტივებული შესყიდვის უფლებას ითხოვს, მომსახურებაში კი 800 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. მუნიციპალიტეტში იმ მიზეზებს განმარტავენ, რის გამოც გამარტივებული შესყიდვის გამოყენება გადაწყდა.
"იურიდიული კომპანიისგან მომსახურების შეზღუდულ ვადაში შესყიდვის აუცილებლობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ დავის რეჟიმის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამართლებრივი რისკების შეფასება-შემცირებისა და თბილისის მთავრობის ინტერესების დასაცავად საჭირო მოქმედებები, მათ შორის, შპს „სი-ტი პარკის“ ინტერესების დამცველ საერთაშორისო იურიდიულ ფირმასთან კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს შესაბამის მოკლე ვადებში.შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელი იყო იმდენად, რამდენადაც შეუძლებელი იყო შპს „სი-ტი პარკის“ შემდგომი მოქმედებების ზუსტი პროგნოზირება“-ნათქვამია მერიის დასაბუთებაში.
მუნიციპალიტეტი საერთაშორისო დავების, მათ შორის საარბიტრაჟო დავებში გამოცდილების მქონე კომპანიის შერჩევას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ თბილისი მერიამ კომპანია CT Park-თან გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიდა, რასაც კომპანია არ ეთანხმება და დავის გაგრძელებას არბიტრაჟში გეგმავს. მის ინტერესებს საერთაშორისო იურიდიული ფირმა - „Freshfields Bruckhaus Deringer” იცავს.

























