მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერია დაითვლის, რა უნდა შესთავაზოს გენ.გეგმისგან დაზარალებულ მიწის მესაკუთრეებს

5cf7789cb1d78
სალომე მეცხვარიშვილი
05.06.19 12:33
1264
თბილისის მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიას სრულად აღრიცხავს და დაითვლის, რა შეუძლია შესთავაზოს კერძო მესაკუთრეებს, რომლებსაც დედაქალაქის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ მათს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ფუნქციური ზონა შეეცვალათ, მაგალითად, მათი მიწა მოხვდა სარეკრეაციო ტერიტორიაზე. მიწის მესაკუთრეები დედაქალაქის მერიისგან მოითხოვენ გაცვლის ფორმით პრივატიზებას ან სათანადო კომპენსაციას.

თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო აღნიშნავს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია მუნიციპალური ქონების ერთიანი მონაცემთა ზუსტი ბაზა.

მათი თქმით, მაქსიმალურად დაზუსტებული მონაცემების გარეშე მუნიციპალური ქონების განკარგვის გრძელვადიანი პროცესის სწორად დაგეგმვა, როგორც ეკონომიკური სარგებლის ასევე ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით არის შეუძლებელი.

"აღსანიშნავია, რომ საზღვრების ფარგლებში ხშირია მუნიციპალიტეტის ქონების მიტაცება და მასში უკანონოდ შეჭრა, აღნიშნული საკითხიც საჭიროებს დამატებით გამოკვლევას ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით”,- აღნიშნავს მერიის სამსახური.

აქედან გამომდინარე, თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სურს შეისყიდოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უძრავი ქონების აზომვა-აღრიცხვის მომსახურება და ამისთვის მილიონ 700 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი.

შედეგად, მოხდება 18 000 ერთეული ქთბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების აღრიცხვა და ფოტოგადაღება, მათ შორის, 3 500 ერთეული რეგისტრირებული შენობის შიდა აზომვა, შესაბამისი ნახაზების მომზადება და დასურათება.

“თბილისის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ ქონების მართვის სააგენტოში ყოველდღიურად იზრდება მესაკუთრეების განცხადებები, სადაც აღწერილია რომ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფუნქციური ზონირება შეიცვალა, გაუარესდა მათი როგორც კერძო მესაკუთრეების მდგომარეობა და მოითხოვენ გაცვლის ფორმით პრივატიზებას ან სათანადო კომპესაციას”, - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

აზომვის მომსახურებას მერიის სსიპ-ი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან შეიძენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები