მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია დეველოპერებს უბიძგებს, სადაც შესაძლებელია შენობის სიმაღლე გაზარდონ... მაღლივი კორპუსები კარგია - რევაზ სოხაძე

რევაზ სოხაძე

რაც უფრო მაღალია ნაგებობა, მით უფრო დიდია ხარჯი, მაგრამ მერია დეველოპერის უბიძგებს, სადაც შესაძლებელია სიმაღლე გაზარდონ - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ "იმედის" ეთერში იპოდრომის მიმდებარედ ცათამბჯენის მშენებლობაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მაღლივი კორპუსების მშენებლობა კრიტიკის საგანს არ უნდა წარმოადგენდეს, რადგან ის კარგია.

„მთელ მსოფლიოში მაღლივი კორპუსი მიიჩნევა, რომ არის მიწის რესურსის ეფექტური გამოყენების საშუალება. იქ, სადაც ამის შესაძლებლობა არის, მაღლივი კორპუსები პირიქით, უფრო მისასალმებელია, უფრო კარგია მათ შორის ქალაქისთვის და ამაში ცუდი არაფერია. რატომ ახდენენ ჩვენი ოპონენტები ამ თვალსაზრისით აპელირებას, ჩემთვის გაუგებარია.

რაც უფრო მაღალია ნაგებობა, მით უფრო დიდია დეველოპერის ხარჯი. დეველოპერები ცდილობენ, გარკვეულ სიმაღლეს არ ასცდნენ, რომ მათი დანახარჯები არ გაიზარდოს. ამ შემთხვევაში ჩვენ, მუნიციპალიტეტი და მერია ვართ ის სტრუქტურები, ვინც მათ უბიძგებს იმისკენ, რომ სადაც შესაძლებელია სიმაღლე უფრო გაზარდონ, იმიტომ რომ უფრო მეტი მიწა დაეთმოს რეკრეაციას, დასასვენებელ სივრცეებსა და ა.შ.“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

ცნობისთვის: თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ იპოდრომის მიმდებარედ 79 სართულიანი ცათამბჯენის პროექტის გეგმარებით დავალებას მხარი დაუჭირა. საუბარია, ვისოლ ჯგუფის პროექტზე, რომელიც თამარაშვილის ქუჩაზე 7 ცათამბჯენის მშენებლობას გულისხმობს, საიდანაც ყველაზე მაღალი 79 სართულიანი იქნება. პროექტის განხორციელებას მოსახლეობა და საკრებულოს ოპოზიცია აკრიტიკებს, უმრავლესობის წევრები კი ამბობენ, რომ ქალაქს მსგავსი ტიპის პროექტები სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები