თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ დედაქალაქის მთავრობა მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლითაც ქალაქის საცროვრებელ ზონაში აიკრძალება - ექსპლოატაციიდან გამოსული ავტომობლების ნაწილებით ვაჭრობა, ჯართით ვაჭრობა, მარტივად აალებადი ნივთიერებებით, ასევე მეორადი საბურავებითა და სხვა დასახელების პროდუქტებით ვაჭრობა.
კახა კალაძის თქმით, ასეთი ტიპის პროდუქტებით ვაჭრობის ნათელ მაგალითს დღეს "ელიავას ბაზრობა" წარმოადგენს.
მისივე თქმით, მერია გამოყოფს სპეციალურ ადგილებს, სადაც ეს ვაჭრობა იქნება დასაშვები.
"ელიავას ბაზრობასთან" ერთად, აღნიშნული აკრძალვა, სავარაუდოდ, დედაქალაქის სხვა სავაჭრო ობიექტებსაც შეეხებათ, სადაც დღეს ჯართის, მეორადი საბურავებისა და სხვა ტიპის საქონლის რეალიზაცია ხდება.
“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი გამოგვაქვს, ეკოლოგიური პრობლემები, რომლებსაც იწვევს ჰაერის დაბინძურება იქნეს მოგვარებული. ერთ-ერთი ასეთი რეგულაციით მკაცრად გაკონტროლდება დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის, ჯართის, ექსპლოატაციიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი და ფეთქებადი ნივთების განთავსება. ასევე, მათი რეალიზება იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული. ხოლო განსაზღვრულ ზონაში განთავსება დარეგულირდება გარკვეული წესებით.
ჩვენ ამას გვკარნახობს გენერალური გეგმა. გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა პირდაპირ ჩაწერა, რომ საცხოვრებელი ზონების მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ. ერთ-ერთი ნათელი მაგალილთი არის "ელიავას ბაზრობა", რომელიც არის საცხოვრებელი ზონა, უამრავი ადამიანი ცხოვრობს და იქ პირდაპირ ხდება ასეთი მასალების, აი რაც ჩამოვთვალე, მათი რეალიზაცია - ყიდვა, გაყიდვა და ასე შემდეგ, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გარემოს თვალსაზრისით, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და მთლიანად ქალაქისთვის. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა იქნეს დარეგულირებული.
ის, რაზეც მე ვსაუბრობდი, რომ გარკვეული ბუფერული ზონები უნდა შეიქმნას, საცხოვრებელ ადგილებს შორის. დღეს ასეთი ზონები არ არსებობს და მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია აღწეროს ისეთი ტერიტორიები, სადაც გროვდება დამაბინძურებელი ნივთიერებები და უფლებრივი ზონების მიხედვით აკრძალოს კონკრეტული სახის საქმიანობა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც გარემოსთვის ასევე ადამიანების ჯანმრთელობისთვის,” - განაცხადა კალაძემ.
საკანონმდებლო ცვლილების დეტალები ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა.

























