"ღამის ეკონომიკის" პროექტის ხელმძღვანელის, სერგი გვარჯალაძის განცხადებით, თბილისის მერია ღამის ეკონომიკის განვითარების სტრატეგიას 6 თვეში წარმოადგენს. ეს პერიოდი დასჭირდება ასევე კვლევის ჩატარებას, რომელმაც დედაქალაქის განვითარების მიმართულებების პოტენციალი უნდა გამოკვეთოს.
,,ჩვენი პირველი ნაბიჯებიდან, რომელიც 6 თვის მანძილზე უნდა გადავდგავთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება საკმაოდ დეტალური კვლევა, რომელშიც ვფიქრობ საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან. კვლევა მოგვცემს საშუალებას, რომ გავიგოთ სად ვართ დღეს, რა ასპექტებია მნიშვნელოვანი, როგორი კულტურული ღონისძიებები უნდა დავგეგმოთ, როგორი ადგილები უნდა შევარჩიოთ. ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია ხმაურის თემა. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა აკუსტიკებთან , იურისტებთან იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ეს პროცედურები. ზოგ შემთხვევაში ტექნიკური გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. კვლევის მეშვეობით ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ საბოლოო სტრატეგიაზე, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი იქნება ეკონომიკური კონცეფცია და ამისათვის აუცილებლად დაგვჭირდება გამოცდილება. იმისთვის, რომ მინიმალური საბიუჯეტო რესურსი გამოვიყენოთ დაწყებულია უკვე მუშაობა დონორებთან. გვექნება ინტენსიური მუშაობა ბიზნესის წარმომადგენლებთან. ჩვენი გამოწვევაა, რომ მინიმალური რესურსები გამოვიყენოთ ბიუჯეტიდან", განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

























