დედაქალაქის მერია თბილისში გარე განათებისა და შენობების არქიტექტურული მინათების მოვლა-პატრონობისთვის 7.2 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს. მომსახურებას მერია ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძენს.
შესაბამის ბრძანებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ხელი 2026 წლის 30 ოქტომბერს მოაწერა.
მერიის განმარტებით, ქალაქის განათების ქსელის მართვა რთულ და სპეციფიკურ ტექნიკურ აღჭურვილობას მოითხოვს.
მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ცნობით, მხოლოდ მათ კომპანიას გააჩნია დისტანციური ცენტრალიზებული სისტემა, რომლითაც შესაძლებელია მთელი ქალაქის განათების ჩართვა და გამორთვა როგორც წინასწარ გაწერილ საათებში, ისე საჭიროებისამებრ.
ვინაიდან ამ მომსახურების გაწევის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ ამ კომპანიას აქვს, მერიამ გადაწყვიტა თანხა უტენდეროდ გადაუხადოს. ამისთვის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურმა თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან უნდა მიიღოს.
მომსახურების ჯამური ღირებულება 7 210 000 ლარია. ეს თანხა დედაქალაქის მომდევნო ორი წლის ბიუჯეტიდან ასე გადანაწილდება: 2026 წლის ბიუჯეტიდან: 2 316 300 ლარი, 2027 წლის ბიუჯეტიდან: 4 893 700 ლარი.
თანხა გამოყოფილია პროგრამიდან „გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია და რეაბილიტაცია“.
























