თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ბაგრატიონის განცხადებით, ახალ რეაბილიტირებულ აღმაშენებელზე მცხოვრებლებს მიუთითებენ კონკრეტულ ადგილს, სადაც მათ კონდინცირებისა და გათბობის მილების დაყენება შეეძლებათ. ამის შესახებ ბაგრატიონმა თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ითქვა, რომ გახშირდა რეაბილიტირებული აღმაშენებლის მოედნის იერსახის დამახინჯების შემთხვევები. ძირითად შემთხვევებში კი ეს მოსახლეობის მიერ დამონტაჟებულ სხვადასხვა ტექნიკას უკავშირდება.
გიორგი ბაგრატიონის თქმით, მერია დაზიანებულ შენობებს ამჯერად თავად აღადგენს, მოსახლეობას კი შესაბამის ინფორმაციას მიაწოდებს.
„ყველა მოსახლესთან და ოჯახთან მივალთ და ავუხსნით იმ ვალდებულებებს, რომლებიც უნდა გაითვალისწონონ.
არის ადგილები, სადაც რამდენიმე ოჯახს აქვს აივანზე დამონტაჟებული ტექნიკა და არ დაუაზიანებიათ კედელი, არის ადგილები, რომლებმაც სახურავზე დააყენეს აგრეგატები. ყველას მივუთითებთ ადგილებს, რომ სხვადასხვა სახის აგრეგატები დააყენონ“,- განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.