მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერია გენგეგმისგან რკინიგზის გადატანის საკითხზე დამატებით არგუმენტებს ითხოვს

5a5c9370dbb4c
დავით ჯალაღონია
15.01.18 15:36
998
თბილისის მერია მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტში რკინიგზის გადატანის საკითხზე შეთავაზებული გადაწყვეტილება, მეტ დასაბუთებას საჭიროებს.

როგორც დედაქალაქის მთავრობის მიერ დოკუმენტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შენიშვნებში ვკითხულობთ, „რკინიგზის საკითხზე არ ჩატარებულა შესაბამისი კვლევა და ეს აღნიშნეს, როგორც მგგ-ს ჯგუფის წევრებმა, ასევე მათმა გერმანელმა პარტნიორმა სკაიპ საუბრისას".

"მუნიციპალიტეტი მიიჩნევს, რომ რკინიგზის სამგაზვრო ხაზის გაუქმების შეფასება ცალმხრივია და უგულვებელყოფს გამჭოლი სამგზავრო რკინიგზის ხაზის და ცენტრალური სადგურის სატრანსპორტო მნიშვნელობას. ტრანსპორტის სამსახურმა წერილობით რამდეჯერმე მოითხოვა, რომ რკინიგზის დერეფნის საკითხი მგგ-ს ფარგლებში დარჩეს ღიად, და მე-5 ტომში შესბამის თავში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ეს საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას. თუმცა აღნიშნულ საკითხზე პოზიცია არ შეცვლილა და არც ზემოთ ააღნიშნული ჩანაწერი გაკეთებულა", - წერია შენიშვნებში.

ამასთან, მერია განმარტავს, რომ 2009 წლის მგგ შექმნილია სხვა პოლიტიკური რეალობის პირობებში, არის მოძველებული და არასრულფასოვანი.

"ამიტომ წარმოიშვა ახალი მგგ-ს შექმნის აუცილებლობა. 2009 წლის მგგ-შიც შესაბამისი კვლევით არ არის დასაბუთებული რკინიგზის გადატანის საკითხი", - აღნიშნულია მერიის შეფასებაში.

ამასთან, უწყების განმარტებით, „ცენტრალური სადგური, რომელიც არის მნიშნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, საერთოდ არ არის ნახსენები და მისი გაუქმების სატრანსპორტო შედეგები არ არის შეფასებული“.

შეგახსენებთ, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაზე 2012 წლამდე 210 მილიონ დოლარამდე დაიხარჯა. პროექტი 2013 წელს დაკონსერვდა. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 აგვისტოს განკარგულების მიხედვით, პროექტის განხორციელების ფორმაზე საბოლოო გადაწყვეტილება „საქართველოს რკინიგზას“ განკარგულების ძალაში შესვლიდან ოთხ თვეში, მაქსიმუმ 2016 წლის 9 დეკემბერს უნდა მიეღო, თუმცა ხელისუფლებამ პროექტის განხორციელების ფორმაზე გადაწყვეტილების მისაღებად აღნიშნული ვადები ვერ გამოიყენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები