მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია მეტროს ვაგონების შესასყიდად €205-მილიონიან ტენდერს გამოაცხადებს - მთავრობის განკარგულება

მეტრო

თბილისის მერია მეტროს მოძრავი შემადგენლობის სრულ განახლებას გეგმავს - მთავრობის გადაწყვეტილებით მერიას უფლება მიეცა განახორციელოს 205 მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი, რომლითაც 97 ვაგონის შესყიდვა მოხდება.

205 მილიონი ევრო მიმდინარე გაცვლითი კურსით 591 მილიონ ლარს უდრის, შესაბამისად ერთი ვაგონის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონი ლარი (2.11 მლნ ევრო) იქნება.

მთავრობის განკარგულების თანახმად, თბილისის მერია ვაგონების შესყიდვისთვის საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს და მას მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების შესაბამისად განახორციელებს.

თბილისის მერიის პრესსამსახურში BMG-ის განუცხადეს, რომ პროექტზე მარტში ბაზრის კვლევა ჩატარდება, აპრილში კი ტენდერი გამოცხადდება, მატარებლების მოწოდების ვადად კი 7 წელი განისაზღვრება.

"აღნიშნული შესყიდვის მიზნით შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია მარტში გეგმავს დაიწყოს ბაზრის კვლევა, სატენდერო პირობებისა და შესყიდვის საბოლოო ბიუჯეტის დადგენის მიზნით, ხოლო უშუალოდ ტენდერის გამოცხადება ნავარაუდევია აპრილის ბოლოსთვის. 97 ერთეული ვაგონის (22 მატარებელი) მოწოდების ვადად განსაზღვრულია 7 წელი, რომელიც ძველი ვაგონების ეტაპობრივად ჩანაცვლების ოპტიმალურ ვადას წარმოადგენს,"- ნათქვამია მერიის განმარტებაში.

თბილისის მერია მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზებას ჯერ კიდევ 2021 წელს გეგმავდა, რისთვისაც EBRD-ის დაფინანსებით 44 ვაგონის შესასყიდად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. აღნიშნულ ტენდერში რუსულმა კომპანია "მეტროვაგონმაშმა" გაიმარჯვა, რომელსაც მერიას ახალ ვაგონებს 49 მილიონ ევროდ მიაწვდიდა. თუმცა, ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ მერიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას აღარ გააფორმებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები