თბილისში ერთ-ერთი გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი მეორედ გამოცხადდა. ამჯერად, დედაქალაქის მთავრობა მზადაა, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციაზე 2 მლნ ლარით ძვირი გადაიხადოს.
ტენდერი 3 ივნისს გამოცხადდა და მისი ღირებულება 6 090 839 ლარია.
სახელმწიფო ტენდერში წინადადებების მიღება 19 ივნისს იწყება და 24 ივნისს სრულდება.
პროექტის დაფინანსების წყარო 2021–2022 წლების თბილისის ბიუჯეტია.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია, 24-საათიან რეჟიმში იმუშოს და რეაბილიტაცია 8 თვეში დაასრულოს.
ცნობისთვის: თბილისის მერიამ ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციისთვის პირველი ტენდერი 2021 წლის 7 მაისს გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 4 670 999 ლარი იყო. სახელმწიფო ტენდერში წინადადებების მიღება 28 მაისს დასრულდა, თუმცა რეაბილიტაციაზე ინტერესი არავინ გამოხატა.