მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერია სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის გრაფიკის ამოქმედებას ზაფხულის შემდეგ გეგმავს

5c6ced73158cc
დათო ჯალაღონია
20.02.19 10:09
1237
თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების გრაფიკთან დაკავშირებით, კერძო სექტორთან მოლაპარაკებებს ამთავრებს.

ამის შესახებ ბითაძემ Facebook-ლაივში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„საკანონმდებლო ბაზისი ჩვენ გვაქვს და ტაქსების რეფორმასთან ერთად ეს კანონპროექტი იქნა მიღებული. ღამის დისტრიბუციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე ვართ ბიზნესთან, თუმცა აქ იყო ერთი მომენტი, რასაც ჩვენ ვითვალისწინებთ – ეს არის ზოგადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო სქემები და საცობებისგან განტვირთვის ის ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ ამ საკითხს ვიხილავთ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ზაფხულიდან, როცა საბოლოოდ გვექნება სამარშრუტო სქემები წარმოდგენილი „სისტრას“ მიერ და იცით, რომ ბასლაინებზეც ვმუშაობთ, ეს ერთიანად იქნება განხილული ჩვენი მხრიდან და უკვე საკრებულოს ფარგლებში გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ სადისტრიბუციო მანქანების გრაფიკი, დროში მოძრაობის სქემები შევთავაზოთ მოსახლეობას“, – განმარტა მაია ბითაძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებულია.

„ტექნიკური ნაწილი შემოსავლების სამსახურთან მთლიანად გავლილია. ამის ამოქმედება შესაძლებელია, უბრალოდ ძალიან სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხს, რადგან გარდა სადისტრიბუციო მანქანებისა, ამ ნაწილში ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიდი გაბარიტების მანქანების გადაადგილების გრაფიკსაც შევთავაზებთ. ეს არ უნდა იყოს სპონტანური გადაწყვეტილება. ამიტომ მეტი სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხს. ვფიქრობთ, რომ ზაფხულის მერე მზად ვიქნებით, რომ სქემა ავამუშაოთ“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს თბილისის მთავრობა სადისტრიბუციო მანქანების ღამის საათებში მუშაობის ინიციატივით გამოვიდა, რაც დღის განმავლობაში დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის ერთ–ერთ გზად განიხილება. თავდაპირველად, ამ მხრივ შეზღუდვების დაწესება 2018 წლის ზაფხულში იგეგმებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები