მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მერია საპარკინგე ადგილების მოწყობის თანადაფინანსებაში უნდა შემოვიდეს"

5b33621d13285
მაია ბიწაძე
27.06.18 14:07
1671
"ივერია ჰოლდინგის" დამფუძნებლის, გიორგი ქიშმარიას განცხადებით მიზანშეწონილი იქნება, თუ თბილისის მერია საპარკინგე სისტემებს ინვესტორებთან ერთად, თანამონაწილეობის საფუძველზე გააკეთებს. როგორც მან Bm.ge-ს განუმარტა, ამ შემთხვევაში, ინვესტორების ინტერესი პროექტის განხორციელებაზე გაიზრდება და უფრო დაცული იქნება მათ მიერ ჩადებული ინვესტიციებიც.

"ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი ალბათ იქნებოდა, რომ მერიას მიეღო ინვესტორთან ერთად ფინანსური თანამონაწილეობა ამ პროექტში, დაახლოებით 40, ან 50%-ის ფარგლებში. ამ შემთხვევაში ინვესტორიც უფრო დაინტერესდებოდა და ინვესტიციაც იქნებოდა გაცილებით დაცული ინვესტორებისთვის, რადგან ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროექტია და ჩადებული თანხის უკუგებას დასჭირდება მინიმუმ 7-8 წელი. გარდა ამისა, ინტერესთა გამოხატულება ოთხ ლოკაციაზე კი არ უნდა გამოცხადებულიყო, არამედ ყველაზე ერთად, ათივე ლოკაციაზე, რომ ინვესტორის ინტერესი ყოფილიყო უფრო მაღალი. ამ შემთხვევაში მას საშუალება ექნებოდა განეხორციელებინა უფრო მასშტაბური პროექტი. ინვესტორს ერთი ობიექტის მიმართ ვერ ექნება ინტერესი, მან მინიმუმ რამდენიმე მაინც უნდა აიღოს ერთად, რომ პროექტი კომერციულად მომგებიანი იყოს" - განაცხადა გიორგი ქიშმარიამ. მისივე თქმით, თანამონაწილეობის სქემით ამ პროექტის განხორციელება უპრობლემოდ არის შესაძლებელი.

"რამდენადაც ვიცი, დღეს თბილისის მერის მიერ გაჟღრებული იყო, რომ მერიამ შესაძლოა ეს პროექტი თავად განახორციელოს, მაგრამ ეს იქნება მერიისთვის დიდი ფინანსური ტვირთი, ინვესტორთან 40%-იანი თანადაფინანსების შემთხვევაში კი პროექტი უპრობლემოდ განხორციელდება. გარდა ამისა, სატენდერო პირობებში აუცილებლად ჩადებული უნდა იყოს, რომ ინვესტორს შეეძლოს ამ ტერიტორიებზე არამხოლოდ პარკინგები მოაწყოს, არამედ სილამაზის სალონები, კაფეები-ბარები, რესტორნები, ავტოსამრეცხაოები, ამ შემთხვევაში ინვესტიციები უფრო მასშტაბური იქნება და მისი ამოღებაც გაცილებით მოკლე ვადებში იქნება შესაძლებელი“ - განაცხადა გიორგი ქიშმარიამ.

შეგახსენებთ, რომ "ივერია მოტორსი" ერთ-ერთი კომპანიაა, ვინც პირველად დაინტერესდა თბილისში მაღალდონიანი ავტომატიზირებული საპარკინგე სისტემების მოწყობით. აღნიშნული პროექტი კომპანიამ მერიას ჯერ კიდევ 2011 წელს წარუდგინა. პროექტი პარკინგის მშენებლობას როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა პერიმეტრზე ითვალისწინებდა.

"2011 წელს შევთავაზეთ მერიას, რომ დაეწყო ამაზე მუშაობა, რაც გაცილებით გვიან, 2017 წელს დაიწყეს. მათ დაიქირავეს საკონსულტაციო კომპანია, რომელმაც კვლევა ჩაატარა და თბილისში 10 ლოკაცია შეარჩია, სადაც უნდა აშენებულიყო პარკირების სისტემები, აქედან 9 მიწისქვეშა, ხოლო ერთი მიწისზედა (შარტავაზე) ლოკაცია იყო. შესაბამისად, ეს პროექტი დროში გაიწელა, მხოლოდ კვლევას წელიწადნახევარი დასჭირდა და მერიამ 2018 წლის მაისში გამოაცხადა ინტერესთა გამოხატულების კონკურსი" - განაცხადა გიორგი ქიშმარიამ.

მისივე განმარტებით, ინტერესთა გამოხატვა რამდენიმე ლოკაციაზე გამოცხადდა, მათ შორის: ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ, სადაც 840 კვადრატულ მეტრზე უნდა აშენდეს 70 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი, ინვესტიციის მოცულობა 3 750 000 ლარია. მეორე ლოკაცია ვაკეშია, გეგეშიძის ბაღის მიმდებარედ, 2 250 კვადრატულ მეტრზე უნდა მოეწყოს 175 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი, 9 500 000 ლარის ინვესტიციით. მესამე ლოკაცია რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა, სადაც 5 084 კვადრატულ მეტრ ფართზე უნდა გაკეთდეს 470 საპარკინდე ადგილი, პროექტის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ლარია. მეოთხე ლოკაცია კი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ადგილია, კერძოდ ის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაა, სადაც 183 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგი უნდა მოეწყოს 2 304 კვ.მ ფართზე და უნდა ჩაიდოს 9 750 000 ლარის ინვესტიცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები