მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია თბილისის მეტროს პირველი ხაზის 5 კილომეტრით დაგრძელებას კვლავ გეგმავს - გიორგი შარკოვი

ესკალატორი მეტრო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, მერიის გეგმაში კვლავ არის გლდანისა და ვარკეთილის მიმართულებით მეტროს ხაზის დაგრძელება.

როგორც BMG-ის კითხვის პასუხად გიორგი შარკოვმა განაცხადა, შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და მერიაში იმედოვნებენ, რომ ეს პროცესი მალე დაიძვრება.

„მეტროს მიმართულებითაც თბილისის მუნიციპალიტეტი ცდილობს განახორციელოს პროექტები. მოგეხსენებათ, მეტრო ძალიან კაპიტალტევადი დარგია. ჩვენს გეგმაში არის, რომ ახმეტელის და ვარკეთილის მიმართულებით დაგრძელდეს არსებული ხაზი. გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები უკვე განხორციელებულია, ახლა მიმდინარეობს ფინანსური რესურსის მოძიება და ამის შემდეგ იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში აღნიშნული პროექტიც დაიძვრება“, - განაცხადა გიორგი შარკოვმა.

აღსანიშნია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროს პირველი ხაზის 5 კილომეტრით დაგრძელების და გლდანსა და ვარკეთილში ახალი სადგურების მშენებლობის მიზნით საერთაშორისო ფასების მოკვლევა ჯერ კიდევ 2025 წლის აპრილში გამოაცხადა, თუმცა უცნობია მოხდა თუ არა კონკრეტული საპროექტო გეგმის მომზადება. ფასების გამოკვლევით უნდა დადგენილიყო თუ რამდენი ასეული მილიონი დოლარი დაჯდება აღნიშნული პროექტი.

საკითხზე ჯერ კიდევ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე განცხადება გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ:

„როგორც „ახმეტელის თეატრის“, ისე „ვარკეთილის“ მეტროსადგურზე განხორციელდება ახალი პროექტი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პირველ ხაზზე თითო სადგურით, ორივე მიმართულებით დავაგრძელოთ აღნიშნული მეტრო. კერძოდ, ვარკეთილის მიმართულებით, პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სირგძე იქნება 1,2 კმ. ახალი მეტროსადგური დილის პიკის საათში მიიზიდავს 4 500 მგზავრს. მაგალითისთვის, „ჰუალინგიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმართულებით დღიური მინიმალური მგზავრთნაკადია 66 000 ადამიანი, რომელთა ნაწილიც შეძლებს, გადანაწილდეს და გამოიყენოს ახალი სადგური“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, გლდანის მიმართულებით პერსპექტიული ხაზი დაგრძელდება 1.1 კმ-ით. დილის პიკის საათში ახალი სადგური მიიზიდავს 5 500 მგზავრს.

„უკვე ჩატარებული კვლევების მონაცემებით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ გადამსხდომ მგზავრთა რაოდენობა დილის პიკის საათში შემცირდება 4 460 მგზავრით, ხოლო ზოგადად, გლდანის რაიონიდან მგზავრთნაკადი 1 100-ით მოიმატებს. აღსანიშნავია, რომ ორივე საპროექტო სადგურის შემთხვევაში, საგრძნობლად შემცირდება იმ მგზავრთა რაოდენობა, რომელსაც „სადგურის მოედნამდე“ მისასვლელად სჭირდებოდა ორჯერ გადაჯდომა. ამასთან, შემცირდება მათი მგზავრობის საერთო დრო - თითქმის 20 წუთით“, - განაცხადა მაშინ კახა კალაძემ.

პროექტის აღწერა ფასების გამოკვლევის გამოცხადებისას ასეთი იყო:

  • გლდანის მიმართულება: 2,2 კმ;
  • ვარკეთილის მიმართულება: 3 კმ.

პროექტის ფარგლებში ასაშენებელი სადგურების რაოდენობა: 2 (ორი) სადგური

  • გლდანის მიმართულება: 1 (ერთი) სადგური
  • ვარკეთილის მიმართულება: 1 (ერთი) სადგური

გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი სივრცეების მოწყობა:

  • გადასარბენი გვირაბები და ჩიხები – საწყისი და საბოლოო სადგურების ჩიხებში უნდა იყოს შესაძლებელი ორი ხუთვაგონიანი მოძრავი შემადგენლობის გაჩერება (არანაკლებ 250 მეტრი).
  • სადგურები, სადგურის ვესტიბიულები, საესკალატორო გვირაბები;
  • მგზავრთა ჩასასხდომ-გადმოსასხდომი ბაქნები – ხუთვაგონიანი მოძრავი შემადგენლობისთვის (არანაკლებ 110 მეტრი),"- ნათქვამია ფასების გამოკვლევის აღწერაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები